საზოგადოება
"ცხედარს სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები აქვს", - ასფიქსიით გარდაცვლილი გოგოს დედა
მაია ყიფშიძემ გარდაცვლილი შვილის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. დოკუმენტში წერია, რომ ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა. გოგონას დედა ეჭვობს, რომ მისი შვილი ასფიქსიით არ გარდაცვლილა, რასაც ახალგაზრდა ქალის მეგობარი და ექსპერტიზა ვარაუდობს.

“ექსპერტიზის დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად მოყვანილია ასფიქსია, თუმცა დაუდგენელია რამ გამოიწვია ეს. არის ვარაუდი, რომ პირღებინების შედეგად იქნა გამოწვეული”, - ამბობს დაზარალებულის ადვოკატი.

ნინო ჭიღლაძე 2018 წლის 22 დეკემბერს, ქალაქ ახალციხეში, ნაქირავებ სახლში გარდაიცვალა. მასთან ერთად ამ დროს მეგობარი მამაკაცი იმყოფებოდა. იგი „მეცხრე არხთან“ სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ გოგონას სხეულზე დაზიანებები არ ჰქონია. ის გარდაცვალებამდე მათ შორის კონფლიქტსაც კატეგორიულად უარყოფს.

„სამაგისო არაფერი შემიმჩნევია, რომ ცუდად იყო. დაწვა, გული აერია და მოხდა ეს ფაქტი. მე უდანაშაულო ვარ. ექსპერტმა ყველაფერი ნახა რა იყო და რა არა“.

ნინო 31 წლის იყო, მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახალგაზრდა ქალი ახალციხეში, ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა. გარდაცვლილის დედამ არ იცის, ჰქონდა თუ არა მის შვილს უთანხმოება მეგობარ მამაკაცთან.

„თუ მეგობარი იყო, საყვარელი ადამიანი როგორ უნდა მოკლა? სასამართლომ გადაწყვიტოს, მე არაფერი არ ვიცი. ჩემი ძმა ამბობს, რომ მას არ მოუკლავს“, - გვითხრა მამაკაცის ძმამ.

გაჭიანურებული გამოძიების შესახებ, დაზარალებულის ადვოკატმა გენერალურ პროკურატურას წერილობითაც მიმართა, თუმცა უწყებაში უპასუხეს, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „მეცხრე არხსაც“ იგივე პასუხი გასცეს. უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გამოძიება ამ დრომდე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ში არც იმაზე გვიპასუხეს, იგეგმება თუ არა ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, გარდაცვლილის მეგობრის დამატებით გამოკითხვა.

| Print |