საზოგადოება
ახალციხის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას რეკომენდაციებით დაუბრუნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულომ მერიას 25 ნოემბერს, შენიშვნებთან ერთად გადაუგზავნა. წერილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში საღამოს შევიდა, ამიტომ შესაბამის სამსახურს ჯერ არ დაუმუშავებია.

საკრებულოს თავმჯდომარე „მეცხრე არხთან“ ამბობს, რომ რეკომენდაციებში ძირითადად, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნები მოხვდა.

„საჭადრაკო სკოლის დაფინანსების საკითხია, ოლიმპიადის ჩატარება უნდათ. ხარჯებთან დაკავშირებით არის შენიშვნები, მაგალითად საავტომობილო გზებზე, ვფიქრობთ ამ მუხლში უნდა შემცირდეს (თანხა), აღარ გვაქვს იმდენი გასაკეთებელი და მოსავლელი“, - ამბობს გელა ნოზაძე.

პროექტის განსახილველად საკრებულოს 10 დღე ჰქონდა. მერიას კი მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციების ასახვისთვის, ვადა 10 დეკემბრამდე აქვს. ჯერჯერობით უცნობია, აღმასრულებელი ხელისუფლება რა რეკომენდაციას ასახავს პროექტში.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის საკრებულოში დაბრუნების შემდეგ, დეპუტატები მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ.
| Print |