საზოგადოება
ჩემი ხელით უნდა მოკვდეს, რომ ენა გააჩუმოს? - ვარხნის ყოფილ რწმუნებულს მუქარაში ადანაშაულებენ
tv9news.ge-ზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მაღლაკელიძეების ოჯახს ადიგენის მერის ყოფილი წარმომადგენელი ვარხანში იმედა მინაძე დაემუქრა. მამუკა მაღლაკელიძე ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ინტერვიუს ის ნაწილი არ მოეწონა, სადაც გაჭირვებული ოჯახი საცხოვრებელი ფართის გადაცემას ითხოვდა. 

მაღლაკელიძეებს იმედი ჰქონდათ, რომ თვითმმართველობა დახმარებას გაუწევდა და მრავალშვილიანი ოჯახი რთულ საცხოვრებელ პირობებს თავს დააღწევდა. სანაცვლოდ კი მუქარა მიიღეს.

„მე და ჩემი შვილები ან მეუღლე ნახირში დავდივართ ხოლმე, გზაში ჩვენი ყოფილი გამგებელი იმედა მინაძე შეგვხვდა და დაგვემუქრა. მითხრა, შენს ქმარს ტელევიზია რომ მოუყვანია... მაინცდამაინც ჩემი ხელით უნდა მოკვდეს, რომ ენა გააჩუმოსო?" - ამბობს მრავალშვილიანი დედა ნინო ჟვანია. 

ვარხანში ადიგენის მერის წარმომადგენელის პოზიცია იმედა მინაძემ ორი თვის წინ დატოვა. მის მოვალეობას ახლა მანანა ლიპარიშვილი ასრულებს. მინაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ მაღლაკელიძეების ოჯახს დაემუქრა. 

„დამიმტკიცონ როდის და რითი დავემუქრე. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თუ ეგ სიტყვები ვთქვი, დამიმტკიცონ. მე რას წარმოვადგენ, რომ დავემუქრო? უბრალო მოქალაქე ვარ“,
- ამბობს იმედა მინაძე.

მაღლაკელიძეები 2012 წელს ზესტაფონიდან ადიგენში მძიმე სოციალურ პირობებსა და შიმშილს გამოექცნენ. შემოსავლის გარეშე მყოფ ოჯახს იმედი ჰქონდა ვარხანში მიწას დაამუშავებდა და საკვები მაინც გაუჩნდებოდათ, თუმცა უშედეგოდ.

ოჯახში ხუთი შვილი და მშობლები ცხოვრობენ, მათგან სამი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. თავის გასატანად, მშობლებთან ერთად ბავშვებიც შრომობენ. ძირითადად, ფერმებს ალაგებენ და თვეში 100 ლარამდე თანხას გამოიმუშავებენ. ნახირშიც დადიან და ზამთრისთვის შეშის საყიდელ თანხას აგროვებენ.

| Print |