საზოგადოება
„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" სამინისტროს შიდა აუდიტი ინსპექტირებას განახორციელებს
მიტარბის საბაგიროს გამორთვის მიზეზების შესასწავლად „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" (ემთიეი) სამინისტროს შიდა აუდიტი ინსპექტირებას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„6 თებერვალს მიტარბის საბაგირო ავარიულად გამოირთო და დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია (ემთიეი) ბოდიშს უხდის ყველა დამსვენებელს ავარიის შედეგად შექმნილი დისკომფორტისთვის.

ავარიის მიზეზების შესასწავლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო დავალებით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექტირებას განახორციელებს.

შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს ავარიის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება.

ინსპექტირების შედეგების შესახებ, საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიას" საქართველოს 4 მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე, მათ შორის, ბაკურიანში საბაგიროები სამართავად აქვს გადაცემული“
, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიტარბის საბაგირო გუშინ, 6 თებერვალს გაჩერდა, მასზე მყოფი 30-მდე ქართველი და უცხოელი დამსვენებლის ევაკუაცია ორ საათში განხორციელდა. მიტარბის მაშველების გარდა, ადგილზე მუშაობდნენ კოხტას და დიდველის მოთხილამურე მაშველებიც. მათი თქმით, მუშაობა რთულ პირობებში, გაუკვალავ თოვლში მოუხდათ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, რომ საბაგიროს ავარიულად გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია. ამ დროს ელექტრო დეტალი დაზიანდა, რამაც საბაგიროს ბლოკირება გამოიწვია, რასაც არ ეთანხმება ენერგო პრო - ჯორჯია.

| Print |