საზოგადოება
ახალციხის ციხე უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ინიციატივით გამოდის
„ძვირფასო უკრაინელებო, თქვენთვის ჩვენი ციხის კომპლექსის დათვალიერება უფასოა“ - ინფორმაცია ამის შესახებ, ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ ფეისბუკის გვერდზე განათავსა.

,,საქართველოში დაიწყო სოლიდარობის აქცია, ტურისტული ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები უკრაინელებს სთავაზობენ უფასო მომსახურებას. ტურიზმის ადმინისტრაციიდან იყო შემოთავაზება, რომ საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელებისთვის შესაბამისი დახმარება გაგვეწია. ასევე, გამოგვექვეყნებინა ტურიზმის ადმინისტრაციისა და უკრაინის საელჩოს ტელეფონის ნომრები.

ახალციხის ციხეში რომ მოხვდება უკრაინელი ტურისტი, მან უნდა იცოდეს რეგიონში უფასოდ სად შეუძლია დარჩეს და შეჭამოს. ამას დავამატეთ ისიც, რომ ციხის დათვალიერებას უფასოდ შეძლებენ. თუ აქამდე მოვიდა ტურისტი, ფულს ხომ არ გადავახდევინებთ? საერთო აქციაა და ვისაც როგორ შეუძლია, ყველა ისე უნდა ჩაერთოს. ჩვენ როგორც შეგვეძლო ისე ჩავერთეთ
", - ამბობს კომპლექსის ხელმძღვანელი გიორგი ნათენაძე.

ქვეყნის მასშტაბით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან თანამშრომლობით დახმარება 200-მდე უკრაინის მოქალაქეს გაიწია, ისინი სასტუმროებში უფასოდ გაანთავსეს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. სრულმასშტაბიანი შეტევები კიევსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობს.
| Print |