საზოგადოება
"ერთი ლარი არ აქვს დახარჯული, ფულის გაკეთება უნდა" -ახალციხელი მძღოლები ავტოსადგურზე ფასის მატებას აპროტესტებენ

ახალციხეში ტაქსის მძღოლები ცენტრალური ავტოსადგურის ახალ ტარიფებს აპროტესტებენ. 17 მძღოლს დღეს დილით სადგურის შესასვლელი გადაკეტილი დახვდა, ტერიტორია კი საპატრულო პოლიციამ დაატოვებინა. ტერიტორიაზე, სადაც ათეული წლებია მუშაობენ, შესვლა ფასიანი გახდა, მძღოლებს კი გადასახადი გაუსამმაგდათ.

ცენტრალური შესასვლელის დაკეტვას აპროტესტებენ მიმდებარე 20-მდე მაღაზიის მფლობელები. მათი თქმით, მომხმარებლებს მაღაზიაში შესვლამდე ლარის გადახდა მოუწევთ, ობიექტამდე მისასვლელი სხვა გზა კი არ არსებობს.


ახალციხის ავტოსადგურის ტერიტორია სამი თვის წინ, ხუთწლიანი იჯარით შპს „ვიპ ტრანსს“ გადაეცა. კომპანიის დირექტორი "მეცხრე არხთან"კომენტარს არ აკეთებს. მძღოლების თქმით, თუ ადმინისტრაცია ძველ ტარიფზე არ დააბრუნებს, მათ გზის გადაკეტვა მოუწევთ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში "მეცხრე არხთან" აცხადებენ, რომ მხარეებთან ჰქონდათ კომუნიკაცია, მოისმინეს მათი აზრი და არგუმენტები. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორ კერძო სუბიექტს შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეული იქნება.
| Print |