საზოგადოება
"ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც 1915 წელს მოკლეს" - ახალციხეში მსვლელობა გაიმართა

ახალციხეში, სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავთან დაკავშირებით ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეების თქმით, ისინი 1915 წელს გარდაცვლილ ადამიანებს იხსენებენ.

მოქალაქეები რაბათში, გრიგორ განმანათლებლის სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ, საიდანაც ქვაჯვარის, გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის მიმართულებით ფეხით მსვლელობა გამართეს.

1915 წლის 24 აპრილს, კონსტანტინოპოლში, სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო და ეს პროცესები 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სომხური მხარის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი პირი დაიღუპა. დაახლოებით, ამდენივე მთელ მსოფლიოში გაიფანტა. 30–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა.
| Print |