საზოგადოება
შოვში ნაპოვნი 29 გარდაცვლილიდან 27 იდენტიფიცირებულია
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27 იდენტიფიცირებულია.

მისივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 4 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა ჯგუფის მიერ პერიოდულად მიმდინარეობს მთების, მწვერვალების მონიტორინგი.

„უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე ანუ სტიქიის ეპიცენტრში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგული მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 4 დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები. ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27-ის იდენტიფიცირება მოხდა. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, მწვერვალებზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა, ექსპერტთა ჯგუფი არის ამ მონიტორინგში ჩართული“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
| Print |