საზოგადოება
შესაძლოა დაჯარიმდეთ, თუ ზამთარში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ან ზამთრის საბურავების გარეშე იმოძრავებთ
ზამთარში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ან ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება, - აღნიშნულს გულისხმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები. საკანონმდებლო წინადადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და მისი განხილვა პარლამენტში 2023 წლის საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.

კერძოდ, როგორც უწყების ინიციატივაშია აღნიშნული, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდება მძღოლის ვალდებულება, მოლიპულ გზაზე მოძრაობისას იქონიოს ზამთრის საბურავები ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. აღნიშნული რეგულაციის არარსებობა კი გზის ცალკეულ მონაკვეთებზე იწვევს როგორც მოძრაობის შეფერხებას, ისე ზრდის სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას.

„საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით სავალდებულო იქნება ზამთრის პერიოდში ცალკეულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი იყოს ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

ამასთან, ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც ზამთრის პერიოდში განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე არ ექნება განსაზღვრული მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი.

აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია უფლებამოსილი იქნება მძღოლს შეუზღუდოს განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა,“
- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტში.
| Print |