საზოგადოება
ავტოსადგურის მეწილეები მოიჯარეს შენობის დაცლას სთხოვენ
დღეს, 5 სექტემბერს, ახალციხის ავტოსადგურზე სამართალდამცავები გამოიძახეს. ამის მიზეზი კი შპს "მგზავრსა" და მის მოიჯარეს შპს "ვიპ ტრანსს" შორის დაწყებული დავა გახდა.

შპს "მგზავრის" ინფორმაციით, მოიჯარეს შპს "ვიპ ტრანსს" სამი თვეა არ გადაუხდია იჯარის თანხა, კანონის მიხედვით კი სამი თვის შემდეგ მფლობელებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება. აღნიშნულის შედეგად შპს "მგზავრის" 15-მა მეწილემ შეადგინა შესაბამისი ოქმი და შპს "ვიპ ტრანსს" შეუწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა მოიჯარემ შენობის დატოვებაზე უარს აცხადებს

მოიჯარე შპს "ვიპ ტრანსის" დირექტორი არტაშ პეტროსიანი კი აცხადებს, რომ მეწილეები და ადმინისტრაცია არ აძლევდა სრულყოფილად მუშაობის საშუალებას, ამის გამო კი თავს დაზარალებულად ცნობს და მეწილეებს სასამართლოში უჩივის.

ამ დროისთვის ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და შპს "მგზავრის" წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ შპს "მგზავრსა და" შპს "ვიპ ტრანსს" შორის იჯარის ხელშეკრულება 2022 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა.
| Print |