საზოგადოება
შენგენის ვიზა ციფრული გახდება - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
2026 წლისთვის ევროკავშირი შენგენის ვიზის მისაღებად სრულიად ახალი სისტემის დანერგვას გეგმავს. კერძოდ, საუბარია პროცედურის გაციფრულებზე, რაც შენგენის რეგისტრაციის პროცედურას გაამარტივებს.

გარდამავალ პერიოდს დაახლოებით ორი წელი დასჭირდება და მისი დასრულების შემდეგ (2028 წლის ბოლოს) შენგენის ყველა განაცხადი წარდგენილი იქნება ონლაინ ევროკავშირის სავიზო პლატფორმის მეშვეობით, გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა, რომლისთვისაც შესაძლებელი იქნება ქაღალდის პროცედურა.

ბრიუსელის გეგმების მიხედვით, 2028 წელს, როდესაც ციფრული სავიზო პლატფორმა ოფიციალურად დაიწყებს ფუნქციონირებას, 18-დან 20 მილიონამდე განაცხადი იქნება. შენგენის ვიზები ამ სისტემით მთელ მსოფლიოში დამუშავდება.

თუმცა, სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პროგნოზები 2028 წელს სავიზო პლატფორმის სრული გაშვების და განსაკუთრებით, ფუნქციონირების შესახებ, გარკვეულწილად ნაადრევია. შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ევროკავშირის ორი სასაზღვრო სისტემის დანერგვის ზუსტი თარიღები, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირის გარე საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას.

საუბარია ორ მასშტაბურ პროექტზე. პირველი არის EES - შესვლის/გასვლის სისტემა, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეების შესვლისა და გასვლის დეტალებს აღრიცხავს, როგორც მოკლევადიანი ვიზის მფლობელებს, ასევე ვიზასგან გათავისუფლებულ მოგზაურებს, ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი გადაკვეთენ ევროკავშირის გარე საზღვარს.

მეორე არის ETIAS სისტემა. ის შეასრულებს EES-ის მსგავს ფუნქციებს 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შენგენის/ევროკავშირის ზონაში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.

EES და ETIAS-ის გაშვება რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის ტექნიკური პრობლემების გამო. ამიტომ, ექსპერტები თვლიან, რომ მოგზაურები ევროკავშირის ციფრული სავიზო პლატფორმის სრულად გამოყენებას 2030 წლამდე ვერ შეძლებენ.

როგორ შეიცვლება სავიზო პროცედურა?

შენგენის მიღებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ხელმისაწვდომი იქნება ერთ პლატფორმაზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან სურს მოგზაურს გამგზავრება.

პლატფორმა, რომელიც ჯერ არ არის შემუშავებული და მისი დომენი უცნობია, შემდეგ განსაზღვრავს შენგენის რომელი ქვეყანაა პასუხისმგებელი განაცხადის დამუშავებაზე და შემდეგ გადასცემს მას შესაბამის ორგანოებს.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას მოითხოვს პლატფორმა მოგზაურებისგან, შენგენის ვიზის თითოეულ განმცხადებელს მოეთხოვება შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:

  • სახელი, გვარი და დაბადების ადგილი
  • პასპორტის მონაცემები
  • სამუშაო ადგილი
  • შენგენის ზონაში მოგზაურობის თარიღები
  • ინფორმაცია ადრე მიღებული ვიზებისა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შესახებ
  • მოგზაურებს ასევე მოუწევთ უპასუხონ კითხვებს, თუ რომელ ქვეყანას სურთ ეწვიონ, როგორ აპირებენ მათი მომავალი მოგზაურობის დაფინანსებას, ცხოვრებას, ავიაბილეთს და ა.შ. ასევე უცნობია თუ როგორ სთხოვენ მოგზაურებს მტკიცებულებების მიწოდებას თითოეული ამ პროცედურისთვის.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელსაც ვიზის განმცხადებლები მომავალში შეხვდებიან შენგენის ვიზის მიღებისას, იქნება საჭირო დოკუმენტების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადის ზოგიერთი ასპექტის მტკიცებულება კვლავ იქნება საჭირო, განმცხადებლებს აღარ მოუწევთ მისი ფიზიკურად წარდგენა, სამაგიეროდ, საკმარისი იქნება მისი ელექტრონულად წარდგენა.

შენგენის აპლიკანტებს დამოუკიდებლად მოუწევთ ატვირთონ საჭირო დოკუმენტები ონლაინ სავიზო პლატფორმაზე, მათ შორის:

  • პასპორტის სკანირება
  • ციფრული ბიომეტრიული ფოტოები
  • მარშრუტის დადასტურება, ავიაბილეთები
  • საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი
  • შენგენის ვიზაზე განაცხადის შეტანის მრავალი დოკუმენტის კრიტერიუმი იგივე დარჩება, ან სულ მცირე მსგავსი. ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ ისინი აღარ უნდა დაიბეჭდოს.

სავიზო გადასახადის გადახდა ასევე ონლაინ ციფრული პლატფორმის საშუალებით მოხდება.

ვისაც არ შეუძლია განაცხადის გაკეთება ვიზაზე ონლაინ

არის ერთი დიდი გამონაკლისი. ზემოთ აღწერილი პროცედურები ვრცელდება მხოლოდ მათზე, ვინც მანამდე მიმართა და მიიღო შენგენის ვიზა.

შენგენის ზონაში პირველად წამსვლელებს განაცხადის წარდგენა „ძველი გზით“ მოუწევთ, სავიზო ცენტრში ან საკონსულოში. ეს მოთხოვნა ასევე გავრცელდება იმ აპლიკანტებზე, რომელთა ბიომეტრიული მონაცემები აღარ არის მოქმედი, ასევე ახალი სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე.

ქაღალდის ვიზას შტრიხ-კოდი ჩაანაცვლებს.

მომავალში ქაღალდის ვიზას 2D შტრიხკოდი კრიპტოგრაფიული ხელმოწერით ჩაანაცვლებს. ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ ეს პროცედურა ვიზების გაყალბებისა და შენგენის სხვა სახის თაღლითობის ალბათობას შეამცირებს.
| Print |