საზოგადოება
"ზამთარში ვინ გააგდებს ადამიანს გარეთ" - აბასთუმნის ობსერვატორიის ბინიდან ოჯახს ასახლებენ
აბასთუმნის ობსერვატორიის ბინიდან, ობსერვატორიის თანამშრომლის რეზო ნაცვლიშვილის შვილს, ნანა ნაცვლიშვილს ასახლებენ.

ნაცვლიშვილი ოკუპირებული ყირიმიდან მამის დაკრძალვაზე 30 ოქტომბერს ჩამოვიდა, უკან დაბრუნებას კი ოკუპანტების გამო ვეღარ ახერხებს. ობსერვატორიის ადმინისტრაციამ ერთი კვირა მისცა იმ ბინაში დასარჩენად, სადაც ნანა ნაცვლიშვილის მამა მთელი ცხოვრება ცხოვრობდა.

ნაცვლიშვილმა წერილობით მიმართა ადმინისტრაციას და განათლების სამინისტროს, მისცენ უფლება თავშესაფრის გამოძებნამდე დარჩეს ობსერვატორიის ტერიტორიაზე, თუმცა ორივე უწყებიდან უარი მიიღო.

"მამის დაკრძალვაზე ჩამოვედით ოკუპირებული ყირიმიდან. რუსებმა მითხრეს, რომ უკან აღარ შემიშვებენ. მაშინ მხოლოდ აქ ჩამოსვლაზე ვფიქრობდი, ახლა კი იმას ვფიქრობ, რომ წასასვლელი არსად მაქვს. მარტო მე რომ ვიყო არა უშავს, მაგრამ თან ბავშვი მყავს და ზამთარი მოდის. ზამთარში ვინ აგდებს ადამიანს გარეთ?

წერილი დავწერე ადმინისტრაციის სახელზე და ვთხოვე, რომ დამტოვონ ბინაში, სანამ სამსახურს და ახალ ბინას ვნახავ, მაგრამ უარი მითხრეს.განცხადება დავწერე განათლების სამინისტროშიც.

მამაჩემი 52 წელი აქ მუშაობდა და გული მწყდება ასე რომ მომექცნენ. ძალიან მინდა, რომ ყველამ გაიგოს ასე რომ ექცევიან ადამიანებს"
- გვიყვება ნანა ნაცვლიშვილი.

რეზო ნაცვლიშვილი სიცოცხლის ბოლომდე, 52 წლის განმავლობაში მუშაობდა აბასთუმნის ობსერვატორიაში. მან მთელი თავისი ცხოვრება ციურ სხეულებზე დაკვირვებას მიუძღვნა. მას ეკუთვნის არაერთი აღმოჩენა. მისი ღვაწლის მიუხედავად, მის შვილს ერთი კვირა ჰქონდა, რომ მამის პირადი ნივთები შეეგროვებინა და სახლი დაეცალა.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათი თანამშრომლის ოჯახმა თავიდანვე იცოდა რა პერიოდით უშვებდა დირექტორი მამის საცხოვრებელ სახლში, ამიტომ მათ შენობის დაცლა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციამ ობსერვატორიის ტერიტორიაზე გადაადგილების პოლიტიკა რამდენიმე წელია გაამკაცრა. თანამშრომლის ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება შევიდნენ სახლებში, სადაც მათი მშობლები ცხოვრობენ. ამის გამო არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ობსერვატორიის დირექტის რეზო ჭანიშვილის განცხადებით, ბინების მესაკუთრეებს ტერიტორიაზე გადაადგილება მასშტაბური სამუშოების გამო შეეზღუდათ.

| Print |