საზოგადოება
საქართველოში 15-29 წლის შრომისუნარიანი მოსახლეობის 30% უმუშევარია
15-29 წლის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოში 608 400 კაცს შეადგენს. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემები. აქედან, სამუშაო ძალას 269 600 კაცი წარმოადგენდა.

შესაბამისად, ეს იყო იმ შრომისუნარიან ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ან დასაქმებულები იყვნენ, ან აქტიურად ეძებდნენ სამსახურს და მზად იყვნენ მუშაობის დასაწყებად. ხოლო დანარჩენი 338 800 15-29 წლის ადამიანს სხვადასხვა გარემოებების გამო მუშაობა არ შეეძლო (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან პატიმარი იყო) ან არ ეძებდა სამსახურს (მაგალითად, სკოლის მოსწავლეები).

აღსანიშნავია, რომ 81 ათასი ანუ 15-29 წლის შრომისუნარიანი მოსახლეობის (სამუშაო ძალის) 30% უმუშევარი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატმა პარლამენტის წევრს ანა ნაცვლიშვილს სადეპუტატო კითხვის პასუხად მიაწოდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მონაცემებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს 15-29 წლის 608 400 მოქალაქიდან ხანგრძლივი დროით უმუშევარი იყო - 22 800 კაცი. ცნობისთვის, ხანგრძლივი დროით უმუშევრად ითვლება პირი, რომელიც უმუშევარია 12 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი დროით უმუშევართა წილი ზოგადად უმუშევრებში 28.2%-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, როგორც საქსტატის ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, 15-29 წლის მოსახლეობაში უმუშევრობის დონე 30%-ს შეადგენს.

ამასთან, ამ ასაკის შრომისუნარიანი მოსახლეობიდან, 188 600 კაცი დასაქმებული იყო; 150 500 კაცი დაქირავებით დასაქმებული იყო; 38 100 კი - თვითდასაქმებული.
| Print |