საზოგადოება
საყოველთაო აღწერისას წელს ადამიანებთან ერთად მეურნეობისა და პირუტყვის აღწერაც მოხდება
„საქსტატი“ საყოველთაო აღწერას წელს პირველად, ელექტრონული კითხვარის გამოყენებით ჩაატარებს - აღწერაში მონაწილეობისთვის მოსახლეობის წახალისება იგეგმება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ინტერპრესნიუსთან აღნიშნა, რომ „საქსტატი“ ელექტრონულ კითხვარს მოამზადებს, რომლის შევსებაც მოსახლეობას თვით რეგისტრაციის მეთოდით შეეძლება.

,,აღწერა ჩატარდება 15 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში. პირველი 10 დღის განმავლობაში მონაცემები შეგროვდება თვით რეგისტრაციის მეთოდით. მომზადდება სპეციალური ელექტრონული კითხვარი, შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, შევიდეს ამ ბმულზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია. ეს არის თვით რეგისტრაციის მეთოდი, რასაც ე.წ. კომპიუტერიზებული მეთოდი მოჰყვება ანუ პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით პირისპირ ინტერვიუს მეთოდი. მოქალაქეს, რომელიც თვით რეგისტრაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, ჩვენი თანამშრომელი, ინტერვიუერი მიაკითხავს და პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით აიღებს ინტერვიუს“,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

აღწერაში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა და ეს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონით რეგულირდება. თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეიძლება არ ჰქონდეს და ეს დამატებით ძალისხმევას საჭიროებს ჩვენი მხრიდან. სწორი პიარ-კამპანიაა საჭირო, რათა მოსახლეობის ინფორმაცია მივაწოდოთ მათი უფლებების, ვალდებულებისა და აღწერაში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

საყოველთაო აღწერის ფარგლებში, მოსახლეობის რაოდენობის გარდა, შინამეურნეობის, მათ შორის ვაზის ჯიშების, მიწის ნაკვეთების ტიპების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ფრინველის სულადობის აღრიცხვაც მოხდება.

,,მუდმივად მცხოვრებად ითვლება პირი, რომელიც მოცემულ დასახლებულ პუნქტში 12 და მეტი თვის განმავლობაში ცხოვრობს. მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგია 3 კითხვარისგან შედგება. პირველი - ეს გახლავთ კითხვარი, რომელიც შინამეურნეობის, ოჯახის წევრთა რაოდენობას და მათ ოჯახურ ურთიერთკავშირს ასახავს. აქვე არის ინფორმაცია მოსახლეობის საბინაო პირობების შესახებ, მაგალითად, რა ტიპის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს, რომელ წელს აშენდა, რა მასალითაა აშენებული.

არის თუ არა მოწყობილი სხვადასხვა კეთილმოწყობის პირობებით - ელექტროენერგიით, სასმელი წყლით, კანალიზაციის სისტემით და ა.შ. გარდა ამისა, პერსონალური კითხვარი ივსება თითოეულ მოქალაქეზე. მასში არის ინფორმაცია მისამართის, დაბადების წლის, ასაკის, მოქალაქეობის, ეროვნების, აღმსარებლობის, განათლების დონის, ეკონომიკური აქტივობის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

მესამე კითხვარით კი გამოიკითხებიან ის პირები, ვინც გარკვეული მოცულობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობს და სოფლის მეურნეობის სამუშაოებს ახორციელებს. ეს არის სოფლის მეურნეობის აღწერის კითხვარი, სადაც წარმოდგენილია ნაკვეთის ტიპი, ნაკვეთის მოცულობა, რა დანიშნულებით იყენებს აღნიშნული პიროვნება ამ ნაკვეთს, როგორია მის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის და ფრინველის სულადობა, რა ტიპის მრავალწლიან ნარგავებს ფლობს; რამდენი და რა დასახელების ვაზის ჯიშები აქვს გაშენებული ნაკვეთზე და ა.შ.

ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ სრულყოფილი, სრულფასოვანი ინფორმაცია მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის შესახებ მაქსიმალურად მცირე ზომის დასახლებული ერთეულების მიხედვით“,
- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

რაც შეეხება იმას, რა რესურსები დაიხარჯება საყოველთაო აღწერის პროცესში, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ უშუალოდ აღწერის სამუშაოებში დაახლოებით 12 ათასი ინტერვიუერი დასაქმდება, საყოველთაო აღწერის რამდენიმეწლიანი პროცესის ბიუჯეტი კი 28-29 მილიონ ლარია.

3 კითხვარიდან ერთი შინამეურნეობის, ოჯახურ კავშირებისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ ინფორმაციას ასახავს; მეორე თითოეული მოქალაქის პერსონალურ მონაცემებს მოიცავს; მესამე კი დეტალურად აღწერს სოფლის მეურნეობას.
| Print |