საზოგადოება
პირველი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა ადრესატის თანხმობით იქნება შესაძლებელი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი პირველი მარტიდან ამოქმედდება. ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წლის მარტში მიიღო, ეტაპობრივად შედის ძალაში.

პირველი მარტიდან შეიზღუდება აგრესიული ესემეს მარკეტინგული კამპანია. ახალი კანონით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ინფორმაცია ეგზავნება. პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.

პირველი ივნისიდან უკვე ძალაში შევა ვალდებულებები სხვა მიმართულებითაც. ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციებიც. სანქციის ოდენობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განსაზღვრავს. ჯარიმის ზედა ზღვარი 20 000 ლარია.

საქართველოს პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, გასული წლის ივნისის თვეში, 77 ხმით, ერთხმად მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, მოწესრიგდება მონაცემთა დამუშავების კანონიერებასთან, მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები.
| Print |