საზოგადოება
როგორ გამოვიცნოთ მოსალოდნელი მეწყერი?

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, მეწყერი გეოლოგიური მოვლენაა, რაც გულისხმობს ფერდობზე სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით ქანების მასის გადაადგილებას. მეწყერი მოვლენაა, როდესაც ქვების, მიწისა და ქანების მყარი მასა ფერდობზე იწყებს ჩამოწოლას.

რა იწვევს მეწყერს?

მდინარეთა ხეობების ფერდობის გარეცხვა;
გამოფიტვის ან უხვი ატმოსფერული ნალექების შედეგად ქანების სიმტკიცის შესუსტება;
გრუნტის წყლების რეჟიმის დარღვევა;
მიწისძვრა;
ადამიანის არასწორი საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობა;
თუკი ნალექების რაოდენობა მოცემულ ტერიტორიაზე არ აღემატება საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებლებს, ანუ იმყოფება ნორმის ფარგლებში, მეწყრების გააქტიურება არ შეიმჩნევა.

მეწყრული პროცესების გააქტიურების ნიშნებია:

შენობების კარებისა და ფანჯრების დეფორმაცია;
მიწის ზედაპირზე და შენობებზე ბზარებისა და ნაპრალების გაჩენა;
მეწყერსაშიშ ფერდობზე ადრე არარსებული გრუნტის წყლების გამოსავლების გაჩენა.

როგორ უნდა მოვიქცეთ მეწყერის დროს?

პირველ რიგში, მოემზადეთ საცხოვრებელი სახლიდან გასასვლელად. გათიშეთ ბუნებრივი აირი, ელექტრომოწყობილობები და წყალმომარაგების სისტემები. სახლიდან გაიტანეთ ადვილად აალებადი და მომწამვლელი ნივთიერებები. უმჯობესია თუ წაიღებთ პირველადი მოხმარებისა და სხვა აუცილებელ ნივთებს.

გაითვალისწინეთ, რომ მეწყერს ხშირად მოსდევს ღვარცოფი!

ღვარცოფი გეოლოგიური მოვლენაა და ეწოდება მთის მდინარეებში და დროებით წყალსადინარებში/ხევებში უმთავრესად ხანმოკლე დროისა და დიდი სიჩქარის წყალქვიან და ქვატალახოვან ნაკადს.

2010-2019 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა 1248 ღვარცოფის გავლას. დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 3000-მდე ღვარცოფული წყალსადინარი.

| Print |