საზოგადოება
ლაშა გეგეჭკორი პრემიერს ღია წერილით მიმართავს
მიუსაფარი, შინაურ ბინადარ ცხოველთა პრობლემის მოგვარების მიზნით, ლაშა გეგეჭკორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს.

მიუსაფარ ცხოველთა მართვის სამცხე - ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი, ლაშა გეგეჭკორი პრემიერს მიუსაფარ/შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის (რაოდენობის) მართვის მიზნით რეგიონული ცენტრების შესაქმნელად მხარდაჭერას სთხოვს.

„ათეული წლების განმავლობაში საქართველოში უმართავი იყო მიუსაფარ და შინაურ ბინადარ ცხოველთა (ძაღლი/კატა) პოპულაცია. არ ხდებოდა პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, რაც „აადვილებდა” მათ გარეთ გაშვებას. არ ხდებოდა გამამრავლებლების კონტროლი-ლიცენზირება, რაც ასევე ხელს უწყობდა ცხოველების უკონტროლო, ქაოსურ გამრავლებას.

ამ პრობლემებზე, ბოლო წლებია სწორი პოლიტიკით ოპერირებს თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. ხდება მიუსაფარი ცხოველების შემოყვანა მის დაქვემდებარებაში არსებულ თავშესაფარში.

უკეთდებათ ანტირაბიული (ცოფზე) აცრა, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები, ყურზე სპეციალური საჭდის მეშვეობით ხდება მათი რეგისტრაცია და არააგრესიული ცხოველები უბრუნდებიან ცხოვრების პირვანდელ არეალს. გაზრდილია ოპერაციების რაოდენობა.

ასევე, კახეთში და შიდა ქართლის რეგიონებში ფუნქციონირებს მიუსაფარ ცხოველთა მართვის ცენტრები, რომელთა მიერ ოთხ არასრულ წელიწადში ჩატარდა სტერილიზაცია-კასტრაციის 15 500 ოპერაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სისტემა(NAITS)რომელიც შემუშავდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) მიერ, აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს.

ასევე, მათი ადგილსამყოფელის, განხორციელებული მანიპულაციებისა და მფლობელებისა თუ პასუხისმგებელი პირების შესახებ მონაცემებს.

ეს პროგრამა წარმატებით დაინერგა ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებში. საქართველოს პარლამენტში განხილვაშია კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“. მცირე შენიშვნების გარდა, კანონპროექტის მიერ გათვალისწინებული მუხლები ძირითადად მისაღებია.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მიმდინარეობს მუშა პროცესი და ვფიქრობ, მივალთ იმ რედაქციამდე, რომელიც მისაღები იქნება ცხოველთა დამცველებისთვისაც და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს შედეგის მიღწევას. თუმცა, კანონპროექტს განხორციელება არ უწერია, თუ საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც არ დაიწყებს ფუნქციონირებას მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრები.

წლების წინ ჩატარებული ტენდერების შედეგად სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის უკვე შესყიდულია რეგიონული ცენტრების სამშენებლო პროექტები და გამოყოფილია ტერიტორიები, თუმცა პანდემიის გამო ეს პროცესი შეჩერდა.

მსოფლიოში ერთადერთი, აპრობირებული ჰუმანური მეთოდია, მიუსაფარ/შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის (რაოდენობის) მართვა სტერილიზაცია-კასტრაციის გზით. ეს კი, გავიმეორებ, მიუღწევადია, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარეშე.

„კანონი-შესრულება/აღსრულება“, ამ ფორმულის გარეშე ეს პრობლემა მოუგვარებელი დარჩება. გთხოვთ, თქვენს ყურადღებას ამ საკითხის მიმართ და შესაბამის რეაგირებას“
, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

| Print |