საზოგადოება
ვალეში სამშენებლო პროფილის კოლეჯი გაიხსნება
ვალეში Construct2-ის ფილიალის გახსნა იგეგმება. პროექტი USAID-ის, განათლების სამინისტროსა და Bk ქონსტრაქშენის თანამშრომლობით ახორციელდება. Construct2-ის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილის თქმით, პირველ სტუდენტებს კოლეჯი შემოდგომიდან მიიღებს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 3 მლნ ლარია.

„ახალციხის რაიონში, კერძოდ, ვალეში ვგეგმავთ Construct2-ის ფილიალის გახსნას. ეს იქნება ასევე სამშენებლო პროფილის კოლეჯი, სადაც მსურველები მომზადდებიან როგორც მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში, ასევე იფუნქციონირებს საგანმანათლებლო პროგრამაც.

ეს არის „Bk ქონსტრაქშენის,“ USAID-ის და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი 3 მლნ-მდე ჯდება და შემოდგომაზე უკვე ვფიქრობთ, რომ გაიხსნება.

აქ გათვალისწინებული იქნება ადგილობრივების ინტერესები, განისაზღვრება რა არის კონკრეტულად იმ რეგიონში მოთხოვნადი და ამის მიხედვით დაიწყება გადამზადება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში უკვე არის კოლეჯი, ჩვენი იქნება პროფილური, კონკრეტული მიმართულებით და ინტერესთა კვეთა სხვა კოლეჯთან არ მოხდება. ეს არ იქნება მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის და მსურველები ნებისმიერ რეგიონიდან შეძლებენ ჩამოსვლის, ამისთვის იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ისე როგორც ეს ზესტაფონშია“
- განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში თამარ ზაქარაშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 9.9%-ით გაიზარდა. გასულ წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 47.9 პროცენტი ქალია, 52.1 პროცენტი კი შესაბამისად - კაცი

რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს ქ. თბილისი (38.1%), რომელსაც მოსდევს აჭარა (17.2%), იმერეთი (10.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (9.7%), კახეთი (4.8%) და ქვემო ქართლი (7.8%). 2023 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 8.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 48.3 პროცენტი ქალია, ხოლო 51.7 პროცენტი კაცი.

კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (26.4%), მომსახურებების (19.2%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.1%) პროგრამებზე.

2023 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 კერძო.
| Print |