საზოგადოება
როგორ დავიცვათ თავი საპროტესტო აქციების დროს?
როგორ დავიცვათ თავი საპროტესტო აქციებზე? თავაზობთ ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის ინსტრუქციებს.

რა უნდა გააკეთოთ?

წინასწარ დაგეგმეთ: მოიმარაგეთ ყველა საჭირო ნივთი. იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ. იცოდეთ, თუ როგორ მიიღოთ დახმარება. დაკარგვის შემთხვევაში წინასწარ დაგეგმეთ, თუ როგორ იპოვნოთ აქციაზე თანმხლები პირები;
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ფოკუსირდით: როცა ვითარების დაძაბულობა პიკს მიაღწევს, გაფრთხილების ნიშანზე სწრაფად უნდა იმოქმედოთ და არა გვიან;
ყურადღება მიაქციეთ თქვენში ან სხვებში ფიზიკური ან მენტალური პრობლემების ნიშნებს. დაამშვიდეთ ისინი, ვინც პანიკის ნიშნებს ავლენენ;
ჩაიწერეთ: გადაიღეთ ან ჩაიწერეთ პოლიციის ქმედებები, მათი სისასტიკე და მათ მიერ მიყენებული დაზიანებები.
რა არ უნდა გააკეთოთ?

აქციაზე წასვლისას სხეულზე არ წაისვათ ვაზელინი, მინერალური ზეთი ან ზეთისგან დამზადებული მზისგან დამცავი სითხე, რადგან მათ ქიმიური ნივთიერებების მოზიდვა შეუძლიათ;
ნუ გაიკეთებთ კონტაქტურ ლინზებს, რადგან მის ქვეშ ქიმიური ნივთიერებების მოხვედრით თვალი გაღიზიანდება;
არ გაიკეთოთ ისეთი რამ, რაც მარტივად ხელჩასავლებია (სამკაული, ჰალსტუხი, ასევე ნუ გაიშლით თმებს და ა.შ.);
ნუ წახვალთ მარტო. თუ შეგიძლიათ, წადით თქვენთან დაახლოებულ ჯგუფთან ან მეგობრებთან ერთად;
არ დაგავიწყდეთ საკვების მიღება და დიდი რაოდენობით წყლის სმა.
რა უნდა ჩაიცვათ?
არამტვრევადი საცურაო სათვალე და N95 მოდელის სახის ნიღაბი, გაზის საწინააღმდეგო პირბადე, არამსხვრევადი სათვალე და ა.შ.
კომფორტული ფეხსაცმელი, რომლითაც არ გაგიჭირდებათ სირბილი;
ქიმიური ნივთიერებების გამოშვების დროს ცხვირისა და პირის დასაფარად დაგეხმარებათ წყალში, ლიმონის წვენში ან ძმარში ამოვლებული ბენდენა;
იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა ტანისამოსმა ქიმიური ნივთიერებები შეიწოვა, თან წაიღეთ პოლიეთილენის პარკში ჩადებული გამოსაცვლელი ტანისამოსი;
ქუდი, რომელიც მზისგან და ქიმიური ნივთიერებებისგან დაგიცავთ.

რა უნდა წაიღოთ?

პლასტმასის ბოთლებში ჩასხმული წყალი დასალევად, თვალებისა და სხეულის დასაბანად;
ენერგიის მომცემი მსუბუქი საკვები;
იდენტიფიკაციის ბარათი ან/და სასწრაფო საკონტაქტო ინფორმაცია;
საკმარისი ფული, რათა საკვების, ტრანსპორტისა და სხვა საჭიროებების გადახდა შეძლოთ;
ინჰალატორი, ეპიპენი, ინსულინი და რამდენიმე დღის სამყოფი წამალი;
მენსტრუალური საფენი – თავიდან აირიდეთ ტამპონები, რადგან დაკავების შემთხვევაში, შესაძლოა, მისი გამოცვლის უფლება არ გქონდეთ;
პირველადი დახმარება;
სველი და მშრალი ხელსახოცები.
როგორ გავუმკლავდეთ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს?

მოერიდეთ ზეთის ან ლოსიონის გამოყენებას, რადგან ქიმიური ნივთიერებების მოხვედრის შემთხვევაში ის მარტივად შეიწოვება ზეთიან ან ლოსიონიან კანზე და ახანგრძლივებს ზემოქმედებას;
იმ შემთხვევაში, თუ გაზის პირბადეს კარგად მოირგებთ ის საუკეთესოდ დაიცავს სახეს (ალტერნატივად შეიძლება გამოიყენოთ ბენდენა, საცურაო სათვალე, რესპირატორები);
შეინარჩუნეთ სიმშვიდე – პანიკა გაღიზიანებადობას ზრდის. ისუნთქეთ ნელა და გახსოვდეთ, რომ გაზი მხოლოდ გარკვეული დროით მოქმედებს;
შეეცადეთ, რომ ნერწყვი არ გადაყლაპოთ. მოიხოცეთ ცხვირი, გამოივლეთ პირის ღრუ, დაახველეთ და გადააფურთხეთ;
თუ გიკეთიათ კონტაქტური ლინზები, მოიხსენით ან ვინმე დაიხმარეთ ამაში, ვისაც სუფთა და დაუბინძურებელი ხელები ექნება. ლინზების მოხსნის შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ ის;
არ მიიკაროთ ხელი თვალებზე;
გამოიყენეთ თვალის წვეთები, რომელიც ნახევრად წყალს და ნახევრად ანტაციდს შეიცავს;
წყლის ჭავლის გამოყენების შემთხვევაში დადექით ზურგით და დაიცავით სახე ისე, რომ სუნთქვა შეძლოთ.

იცოდეთ თქვენი უფლებები

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება: ყველას აქვს უფლება, რომ თავისი აზრი ქუჩაში მშვიდობიანად გაიტანოს;
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა: სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ მათ და არ შეზღუდონ მშვიდობიანი საჯარო შეკრება;
ძალაუფლების გადაჭარბებული გამოყენების შემთხვევაში: არაძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს, პოლიციამ ძალის გამოყენებას თავი უნდა აარიდოს;
სამედიცინო დახმარების უფლება: თუ დაშავებული ხართ, გაქვთ უფლება, რომ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება აღმოგიჩინონ;
დაკავების შემთხვევაში: დაკავების დროს უფლება გაქვთ, გითხრან რისთვის გაკავებენ, ასევე დაკავების შემდეგ გაქვთ უფლება, დაუკავშირდეთ ადვოკატსა და თქვენს ოჯახს;
გასაჩივრების უფლება: თუ თქვენი უფლებები დაარღვიეს, მიმართეთ უფლება დამცველებს და გაასაჩივრეთ უკანონო ქმედებები.
| Print |