საზოგადოება
ჯაბა ნათენაძე პროტესტის ნიშნად მერიის მრჩეველთა საბჭოს ტოვებს
არა რუსულ კანონს - პროტესტის ნიშნად მერიის მრჩეველთა საბჭოს ტოვებს ჯაბა ნათენაძე. სამოქალაქო აქტივისტი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ არსებული ფორმატით მრჩეველთა საბჭოში თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავს.

,,მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემ კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, რაც არ უნდა ეცადონ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდები ღირსების შემლახავ რეესტრში, როგორც უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მე მხოლოდ ერთი ქვეყნის საქართველოს ინტერესს ვატარებ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.


სამწუხაროდ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუსეთს და რომლის მიღებისგან თავის შეკავებისკენ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა მოგვიწოდებს. კანონს, რომლის მიღების შემთხვევაშიც შესაძლოა ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და დაუცველი დაგვტოვოს ჩვენი მტრის რუსეთის პირისპირ.

ამიტომ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო. მანამ სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ
" - წერს ჯაბა ნათენაძე.

ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 25 აპრილს, 150-ზე მეტმა მედია და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამაც მიიღო. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ

,,ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ არ გაიხმობს;

ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში"
.


| Print |