საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტმა 18 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მუნიციპალიტეტმა 18 პოზიციაზე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. მათ შორის ვაკანტურია გამგებლის თანაშემწის, ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის, ბუღალტრული აღრიცხვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილებების უფროსების თანამდებობები.

წამყვანი და უფროსი სპეციალისტები ესაჭიროებათ ელიაწმინდის, სვირის, პამაჯის, სხვილისის, აგარის, წყრუთის, ურავლის, კლდისა და აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 

ვაკანტურია საკრებულოს წამყვანი სპეციალისტის პოზიცია საორგანიზაციო საკითხებში. ესაჭიროებათ ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტები – ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში, არქმშენინსპექციისა და ზედამხედველობის საკითხებში. ასევე კონკურსია გამოცხადებული გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე პამაჯის ადმინისტრაციულ ერთეულში.

კონკურსი ახალციხის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის 1 მარტს გამოაცხადა. მსურველებს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე (www.hr.gov.ge) განაცხადის შევსება ელექტრონულად, 10 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.

კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე შესული განაცხადების გადარჩევა, შემდეგ კი კონკურსანტებთან გასაუბრება მოხდება.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
| Print |