საზოგადოება
ახალციხეში 12 ორგანიზაცია ენერგოეფექტურობის კამპანიაში ჩაერთო
ახალციხის 12 საზოგადოებრივ შენობაში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია იწყება. პროექტში 5 საჯარო სკოლა, 5 ბაღი, იუსტიციის სახლი და ახალციხის მერია ჩაერთო. კამპანიის განხორციელების პერიოდში შენობების მოსარგებლეები მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებენ. გაიმართება საინფორმაციო სემინარები ენერგომენეჯმენტის საკითხებზე.

12–ვე შენობის მოსარგებლე პირის ინფორმირება კამპანიის შესახებ ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში, „მდგრადი ენერგეტიკის დღის“ ფარგლებში მოხდა, რომელსაც ორგანიზება “ენერგოეფექტურობის ცენტრმა” გაუწია.

პროექტის მიზანი საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ 6 ქალაქში მდებარე საზოგადოებრივ შენობებში, ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

საინფორმაციო კამპანიის პარალელურად დაგეგმილია ენერგოაუდიტორების მომზადება-სერთიფიცირების კურსების ჩატარება. გადამზადების თეორიული კურსების შემდეგ დაგეგმილია ენერგო აუდიტების ჩატარება საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიებების იდენტიფიცირებისა და მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგების გასაანგარიშებლად საჭირო პრაქტიკული ცოდნის მიღების მიზნით.

პროექტი დაფინანსებულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (DANIDA) მიერ, ადმინისტრირებას უწევს ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაცია (NEFCO), ხოლო პროექტს ახორციელებენ ავსტრიული კომპანია „ალლპლანი“ (ALLPLAN) და „ენეგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“.


| Print |