საზოგადოება
ორმულებს მიწით კი არა, ქვიშა–ღორღით ავსებენ – ახალციხის მერია
ახალციხეში, ცენტრალურ ქუჩაზე ორმულებს მიწით ავსებენ და ფეხით ტკეპნიან – სამუშაოების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ადგილობრივებმა გაავრცელეს.

კადრებში ჩანს, რომ რუსთაველის ქუჩაზე მუშები ნიჩბით ქვიშას სამარშრუტო ტაქსიდან იღებენ და ორმოებში ყრიან.

ფეისბუქში გავრცელებულ ვიდეოს ადგილობრივი ხელისუფლება გამოეხმაურა. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ორმულებს ქვიშა–ღორღით ავსებენ და ეს დროებითია.

გამოამინდების შემდეგ, სამშენებლო კომპანია, 150 კვ.მ. ფართობის ორმულების კაპიტალურ შეკეთებას დაიწყებს.

ქალაქ ახალციხეში, შიდა გზების მოვლა–შენახვისთვის გამოცხადებულ სამთვიან ტენდერში შპს "დავითმა" 63 500 ლარით გაიმარჯვა. კომპანიას ვადა სამ აპრილს ეწურება და დარჩენილი სამუშაოები, ამ დრომდე უნდა დაასრულოს.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ორმულები დეკემბერშიც შეკეთდა.

| Print |