საზოგადოება
უფლებადამცველები ძალადობის შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვენ
ცოლსა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, შსს–ოს ორი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიება ძმებ ბლუაშვილებს არასრულწლოვნის

თანდასწრებით ქალზე განხორციელებულ ძალადობას ედავება. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, 13 აპრილს, ორივე მათგანს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ იაკობ ბლუაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ცოლზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს. ძმა კი ამტკიცებს, რომ მანქანაში ჩაჯდომის მიზნით, რძალს ხელი მკლავზე მოჰკიდა. ნოდარ აკოფაშვილი ირწმუნება, რომ წინასასამართლოს სხდომამდე შეაგროვებს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც დაზარალებული ქალის ქმრისა და მაზლის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

,,ორივე პოლიციის თანამშრომელია, წლებია მუშაობენ ძალოვან სტრუქტურებში, უარყოფითი წარსულში არაფერი აქვთ, ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მოქალაქეების სიმშვიდის მიზნით. რაც შეეხება რაიმე სახის ზეწოლას ან ზემოქმედებას მოწმეებზე, გამორიცხულია, რადგან სურვილის შემთხვევაში, მათ დღენახევარი ჰქონდათ და მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ. პირიქით, იაკობ ბლუაშვილმა, როდესამ მისი მეუღლე საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, თავის ბიძაშვილს სთხოვა, რომ მეუღლე ავტობუსის გაჩერებამდე ჩაეყვანა, რათა დროულად მისულიყო პროკურატურაში. ყოველივე ამის შემდეგ, როგორ შეიძლება იყოს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის ზეწოლას მოახდენს?“ – კითხულობს ადვოკატი.

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, სამცხე–ჯავახეთი ქალზე ძალადობის კუთხით, ერთერთი ლიდერია. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვით ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია. სამცხე-ჯავახეთში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის - 1%; ფიზიკური - 7%; ემოციური -21% ნებისმიერ სახის - 21% ფიქსირდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ფსიქოლოგი ამბობს, რომ ქალზე ძალადობის ფაქტების გახშირება, მაშინ ხდება, როცა ადამიანს აგრესია უჩნდება, აგრესიას კი მამაკაცებში ავტორიტეტის დაკარგვის შიში იწვევს. მარიამ იველაშვილის განმარტებით, სამცხე–ჯავახეთში, სადაც საზოგადოებაა თავად ჩაკეტილი მუქარის, იძულების, ფსიქოლოგიური ძალადობის, შეზღუდული თავისუფლების თუ ძალადობის სხვა ფორმების გამოვლენის ფაქტებმა იმატა.

,,ჩვენი რეგიონი საკმაოდ კონსერვატიულია. ქალები თვითონ არიან იმდენად ჩაკეტილები, რომ არ აქვთ პრობლემის შეგრძნება. როცა უკვე მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, რამდენიმე ქალი მოკვდა, ამის შემდეგ ქალებმა ხმა ამოიღეს, ადრე თუ მისაღები იყო ქალებისთვის ძალადობა, ახლა ვფიქრობ, რომ მეტი პროცენტისთვის მიუღებელია უკვე და მოქმედებენ შესაბამისად, რეკავენ სამართალდამცველ ორგანიზაციაში, კაცები ამას ვერ ეგუებიან, თითქოს ავტორიტეტი ჰქონდათ კაცებს მოპოვებული იმით, რომ ძალადობდნენ ქალებზე და ახლა, ეს ავტორიტეტი იკარგება და უფრო მეტად მწვავდება მათი აგრესია და ძალადობა, იმიტომ რომ შიშს იწვევს. ეს შიში არის თავის ძალაუფლებისა და ავტორიტეტის დაკარგვის შიში და საერთოდ, აგრესია შიშის გამო ჩნდება“.

სამცხე–ჯავახეთის მედიაცენტრმა გენდერულ საკითებზე მუშაობა ექვსი წლის წინ დაიწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ გაზრდილი მიმართვიანობის მიუხედავად, აუცილებელია კანონის გამკაცრება და საზოგადოების გენდერული სტერეოტიპებისგან გათავისუფლება, რაც კომპლექსური მუშაობის შედეგად შეიძლება მოხდეს.

მარინა კუპატაძისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ გენდერული ცნობიერება მოსახლეობაში შედარებით გაზრდილია, თუმცა პრობლემად კვლავ რჩება ხშირ შემთხვევაში მსხვერპლის უკანდახევის ფაქტი, როცა სხვადასხვა მიზეზების გამო იგი საბოლოოდ უარს ამბობს მოძალადის დასჯაზე.

,,აუცილებელია, კანონი გამკაცრდეს ყოველი მოძალადის მიმართ, კანონი და სასჯელი საკმაოდ ლმობიერია მათ მიმართ. ასევე, განსაკუტრებული სიფრთხილეა საჭირო, როცა შეწყალების კომისია განიხილავს მოძალადის შეწყალების საკითხს. ამ ბოლო დროს მართლა გაიზარდა შემაკავებელი ორდერების გამოწერის რაოდენობა, მაგრამ მარტო ციფრი ბევრს არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ის არ იძლევა ხოლმე ადექვატურ შედეგს. სასურველია, განსაკუთრებით საშიში და აგრესიული მოძალადის მიმართ განხილული იყოს ზუსტად ელექტრონული სამაჯურების ამოქმედების პერსპექტივა, რომ დაცული იყოს მსხვერპლი ყველანაირად. სასურველია განსაკუთრებით გადამზადნენ ისეთი პოლიციელები, რომლებსაც უფრო ხშირად უწევთ კონტაქტი ძალადობის მსხვერპლთან და მოძალადესთან“ – აღნიშნავს მარინა კუპატაძე.

ბლუაშვილების ადვოკატის მტკიცებით, დაზარალებულმა დაწერა განცხადება, რომ არც მეუღლისა და არც მაზლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს. ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |