სოფლის მეურნეობა
,,იდეების განვითარების ფონდი" სამცხე–ჯავახეთში
დაახლოებით ერთი წელია საქართველოში გამოჩნდა ორგანიზაცია – სახელწოდებით ,,იდეების განვითარების ფონდი" (zeiter ideas development fund),

რომელიც გლეხებსა და ფერმერებს, კონკრეტულ ანგარიშზე 10 ლარის გადარიცხვის სანაცვლოდ ბიზნესიდეების დაფინანსებას ჰპირდება.

ZIDF-ის თბილისი – კიევის ხელმძღვანელი www.tv9news.ge-სთან აცხადებს, რომ მათი ორგანიზაცია საქართველოს გარდა უკრაინასა და მოლდავეთშიც საქმიანობს. ქეთევან გეჯაძის თქმით, მის ორგანიზაციას 25 ფილიალი აქვს საქართველოში.

,,ჩვენი წარმომადგენლები გადიან მოსახლეობაში და ეხმარებიან მათ ბიზნეს იდეის სრულყოფაში. ცენტრალურმა ოფისმა პრიორიტეტებიც განსაზღვრა – სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების შესახებ დაწერილ პროექტებს უპირატესობა მიენიჭებათ.

მთავარია პროექტის ავტორმა შეძლოს იმის დამტკიცება, რომ განხორციელების უნარი აქვს. გვყავს მეცნიერთა ჯგუფი და ვაწარმოებთ მონიტორინგს. ლატარიის პრინციპით გათამაშდა მუნიციპალიტეტები და პირველ ეტაპზე საპილოტე პროექტი დუშეთში განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ოთხი ან ხუთი ფერმა აშენდება. პროდუქტის რეალიზაცია განხორციელდება საზღვარგარეთ. უკვე ათი ათასი განაცხადი აქვს რეგისტრირებული.

ფილიალის ხუთი წარჩინებული დირექტორი ამერიკაში გაემგზავრება, ტრენინგებიდან დაბრუნებულები კი დუშეთში საპილოტე პროექტის განხორციელებას დაიწყებენ"
– აცხადებს ქეთევან გეჯაძე.

კიევი – თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბიზნესიდეის დაფინანსების პირობას ფერმერებს ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენისგან, დავით კარტოზიასგან აძლევს.

„ამერიკული გრანტის“ მიღების პერსპექტივა მხოლოდ 10 ლარი ღირს და კარგი იდეის სანაცვლოდ მაცდურად ჟღერს, თუმცა დაპირებული გრანტი, როგორც გამოკითხული მოსახლეობა ამბობს, ჯერ არავის მიუღია.

არადა არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურების ინფორმაციით, 10 ათასი განმცხადებელი უკვე ჰყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ლარი, ერთად თავმოყრილი 100 000 ლარად უკვე იქცა.

გლეხი თავის ბიზნესზე იქნება პასუხისმგებელი, ორგანიზაცია კი უზრუნველყოფს მისთვის ყველა პირობის შექმნას. საუბარია 200-დან 20 ათას დოლარზე, თითოეული ოჯახისთვის.

კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში ტრისტან ციხელაშვილი განმარტავს, რომ შეტანილი თანხის ნახევარი ამერიკაში იგზავნება ცენტრალური ოფისის ფუნქციონირებისთვის, ხოლო მეორე ნახევარი საქართველოს ოფისის საჭიროებებს ხმარდება.

,,ხელშეკრულება არ იდება, პროექტის შემოსატანად ათ ლარს რომ იხდის პიროვნება, ის უკვე ჩვენი წევრი ხდება.

აგვისტოში დაიწყება დაფინანსებები, პრიორიტეტი მიენიჭება სოფლის მეურნეობას, კერძოდ მეცხოველეობას, რადგან ზამთარი მოდის და ფერმების აშენება სიცივეში ვერ მოხდება.

პარალელურად მოხდება იმ პროექტების დაფინანსება, რომელიც საოჯახო სასტუმროების განვითარებას ისახავს მიზნად. აბსოლუტურად ყველა დაფინანსდება, მთავარია მათი მონდომება და სწორი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა, რომ არ იყოს გაბერილი ციფრები.

ვითხოვთ სურათებსა და ამონაწერებს, რომ მონიტორინგის დაწყების შემდეგ მარტივად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება" –
განმარტავს ტრისტან ციხელაშვილი.

| Print |