სოფლის მეურნეობა
თუთა – მესხეთის სავიზიტო ბარათი
ასპინძაში, ივნისის ბოლოდან თუთა მწიფდება და ადგილობრივები აგვისტომდე მისი ნაწარმის მომზადებით არიან დაკავებულნი. ამ ხილისგან მზადდება ტყლაპი, ბაქმაზი, არაყი და თუთის ხმელი.

რუსუდან ინასარიძე დილიდან შრომობს, რომ თუთისგან გემრიელი ნუგბარი და არაყი დაამზადოს, რომელიც თავისი უნიკალურობით არის განთქმული.

82 წლის მოხუცი გვიყვება, რომ თუთის ხეები ეზოში პირველად მისმა მეუღლემ დარგო, რადგან ნაყოფი, გემრიელთან ერთად სასარგებლო თვისებების გამო განსაკუთრებულად უყვარდა.

,,პირველი დარხევის დროს თუთას ნაკლები სიტკბო აქვს და არყისთვის ვყრით. მეორედ ტყლაპის გასაკეთებლად ვიყენებთ. თუთას ვხარშავთ, წვენს გამოვწურავთ, ავადუღებთ, ფქვილს ამოვუკიდებთ და ვშლით ნაჭრებზე. როცა გახმება ვაძრობთ. არის ძალიან გემრიელი.

ამის შემდეგ დარხეულ თუთას ბაქმაზის მოსადუღებლად ვიყენებთ. ყველაზე ტკბილი თუთა ბაქმაზს სჭირდება. ბოლოს, შემოლევის დროს თუთას ვახმობთ და ვინახავთ.

თუთის არყის გამოსახდელად წვენის მომზადებას სამი კვირა სჭირდება. შემდეგ სპეციალურად არყის სახდელ ქვაბში ვხდით.

პირადად ჩემ მიერ წარმოებული პროდუქცია საზღვარგარეთ გავიდა. ყველამ იცის, რომ ნატურალურს ვაწარმოებ და კლიენტები ბევრი მყავს.“

თუთის დარხევის პროცესი

სოფელ ნიჯგორის მოსახლეობისთვის ერთერთი ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ თუთაა. თუთისგან მომზადებული პროდუქტი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო სამცხე–ჯავახეთში, არამედ საქართველოშიც.

ნიჯგორელი ირინა დიასამიძე აღნიშნავს, რომ სოფლის მოსახლეობამ საუკუნეზეა მეტია ტყლაპი, ბაქმაზი და არაყი მესხეთის სავიზიტო ბარათად აქცია. ადგილობრივებს პროდუქციის რეალიზება არ უჭირთ. ამბობენ, რომ საზღვარგარეთ თუთის ნაწარმზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

,,საავტომობილო გზასთან ახლოს ვცხოვრობთ, შესაბამისად თუთის პროდუქციის რეალიზაცია არ გვიჭირს. განსაკუთრებით შემოსავლიანია ზაფხული. ვარძიისკენ მიმავალი ტურისტები ჩერდებიან, აგემოვნებენ ტკბილეულს, მოსწონთ და ყიდულობენ. განსაკუთრებით მოსწონთ ტყლაპი და ბაქმაზი.

რაც შეეხება ბაქმაზის დამზადებას: სუფთად აკრეფილ თუთას ვხარშავთ, ვწურავთ და ამ წვენს ვადუღებთ მანამ, ვიდრე არ შესქელდება და ქარვის ფერს არ მიიღებს. დუღილის პროცესში აუცილებელია, რომ ზემოთ ამოსული ქაფი მოვაშოროთ.

ბაქმაზს თაფლს ადარებენ, რომლებსაც მხოლოდ საქართველოში, კერძოდ კი მესხეთში ხვდებიან და აგემოვნებენ. ფასიც მისაღებია.“


გემრიელთან ერთად, თუთისგან წარმოებულ პროდუქციას სასარგებლო თვისებებიც რომ აქვს, ამის შესახებ ასპინძელი 80 წლის დარიკო დავლაშერიძე საუბრობს. იგი ბაქმაზის დამზადების ტექნოლოგიას გვიზიარებს და აღნიშნავს, რომ თუთის პროდუქტის გამოყენება სხვადასხვა დააავადების სამკურნალოდ შეიძლება.

თუთის მოხარშვა

,,თუთის ტყლაპს ბრონხიალური ასთმით დაავადებულები მიირთმევენ და შეტევა ეხსნებათ. ჩემს ახალგაზრდობაში სანამ გავიგებდით, რომ თუთის ფოთლები რადიაციას იზიდავდა, მისგან დამზადებულ ჩაისაც ვსვამდით.

თუთის არაყი კარგია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. უზმოზე 1სადილის კოვზი 1 ინსულინის დოზას უდრის.

ბაქმაზი სასარგებლოა ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს, წმენდს ნაღველს სილისგან. სასარგებლოა ასევე ღვიძლით და C ჰეპატიტით დაავადებულთათვის.

თუთა განსაკუთრებით სასარგებლოა თუ უზმოზე მიირთმევთ, რადგან ის სისხლს წმენდს. თუთის ხმელს კი ხველების საწინააღმდეგოდ ვიყენებთ, მასზე მდუღარე წყალს ვასხამთ და ნაყენის სახით მივირთმევთ“ –
აღნიშნავს დარიკო დავლაშერიძე.

თუთის არყის გამოხდის პროცესი

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თუთისგან წარმოებული პროდუქტები აქტიურად გამოიყენება მედიცინაში. ექიმები, მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად, პაციენტებს თუთის ნაწარმის მიღებას დღესაც ურჩევენ. თუთის სამკურნალო თვისებებზე ექიმი მაია ლეკიშვილი საუბრობს:

,,თუთის სასიკეთო თვისებები ოდითგანვე ცნობილია. თეთრ თუთას და მისგან წარმოებულ პროდუქციას ბევრი სამკურნალო თვისება აქვს.

ბაქმაზი კარგია ნაღველკენჭოვანი დაავადებებისა და სანაღვლე გზების პათოლოგიების სამკურნალოდ.

ასევე კარგად ხსნის სპაზმურ შეტევებსა და ხველას.

რა თქმა უნდა მარტო ამით არ ხდება მკურნალობა, მაგრამ როგორც დამხმარე საშუალება აქტიურად გამოიყენება".

თუთის ტყლაპის გაშრობა

საქართველოში თუთა ირანიდან და ავღანეთიდან შემოვიდა. ფართო გავრცელება კი სამცხეში ჰპოვა.

თუთის ტყლაპის ფასი ხარისხიდან გამომდინარე, 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს.  10 ლარი ღირს 1 კგ თუთის ხმელიც. ერთი ლიტრი ბაქმაზის შეძენა 35 – 40 ლარად შეიძლება. 1 ლიტრი არაყი მესხეთში 25-30 ლარი ღირს.


ფოტოები და ვიდეომასალა ეკუთვნის "მესხურ ნობათს"

| Print |