სოფლის მეურნეობა
არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძეს საწარმოები აღარ ჩაიბარებენ
რძის სექტორში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის და დარგის სპეციალისტებისთვის, საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის წარმოამდგენლებისთვის, შეხვედრა "ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გაიმართა.
შეხვედრის მიზანი ფერმერთა დროული ინფორმირებაა ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, 2019 წლის პირველი იანვრიდან, რძის გადამამუშავებელ საწარმოებს ეკრძალებათ შეიძინონ რძე იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები არა არის იდენტიფიცირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
შეხვედრაზე ფერმერებს მიაწოდეს ინფორმაცია იდენტიფიკაციის პროგრამის შესახებ, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ხორციელდება და გულისხმობს საქონლის იდენტიფიცირებას საყურე ნიშნით, ასევე რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში. პროგრამა მოსახლეობისთვის უფასოა.
საინფორმაციო კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია "გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია" (FAO) საქართველოს მასშტაბით ატარებს.

| Print |