სოფლის მეურნეობა
,,საქონელს ღამით მარხავენ"
ახალქალაქში, სოფელ კულიკამში, ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 7 ძროხა დაეცა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში კი აცხადებენ, რომ ნოდურალური დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კულიკამში დასრულდა.

სამმართველოსთვის ცნობილი იყო მხოლოდ ორი დაავადებული პირუტყვის შესახებ და მათი ინფორმაციით არა შვიდი, არამედ სამი ძროხა დაეცა, რომლებიც დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი იყო.

კულიკამში საქონლის ინფექციური დაავადებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ახალქალაქის საინფორმაციო სააგენტო ,,ჯეინიუსი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კულიკამში ადგილობრივი გლეხები მიყენებული ზიანის შესახებ საუბრობენ და ამბობენ, რომ მოსახლეობა ღამით ჩუმად მარხავს საქონელს, რათა დარჩენილი ცოცხალი საქონელი დაკლას და გაყიდოს.

ნოდურალური დერმატიტით პირუტყვი წელს პირველად დაავადდა სამცხე–ჯავახეთში. დაავადებული საქონელი ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა.

ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო აცრები სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. 

სპეციალისტების თქმით, დაავადება საკმაოდ საშიშია და პირუტყვის დაცემას იწვევს.

ცხელება, კანზე კვანძები, კიდურების შეშუპება – ეს ნოდერალური დერმატიტის კლინიკური ნიშნებია.

ვაქცინაციის შემდეგ რძის მოხმარება 10 დღის განმავლობაში რომ იკრძალება, ეს არის ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც ფერმერები დაავადებას მალავენ – ამბობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში.
| Print |