სოფლის მეურნეობა
ტყის ამოწურული რესურსი სიცივესთან მებრძოლი ადამიანის პირისპირ
მაყვალა ბეშქენაძე ყოველ თვე ცდილობს საკუთარი და მეუღლის პენსიიდან მცირედი მაინც მოიტოვოს და ზამთრისთვის შეშა მოიმარაგოს.

ასეა უკვე რამდენიმე წელი. სახელმწიფოსგან შეშის ბილეთი ეკუთვნის, მაგრამ ვერ იყენებს. ტყე-კაფი შორს არის და მოხუცებს თავად არც ხის მოჭრა შეუძლიათ და არც სახლამდე მიტანა. ურჩევნიათ გაიჭირვონ, წამალი მოიკლონ და შეშის ფული დააგროვონ, რომ ზემო სხვილისის მკაცრი ზამთარი გადაიტანონ.

“დილით გვიან ვიღვიძებთ, საღამოს კი ადრე ვწვებით, რომ შეშის ეკონომია გავაკეთოთ“, - გვიყვება მაყვალა ბეშქენაძე, რომელსაც წელს შეშის მარაგი 700 ლარი, გასულ წელთან შედარებით, საგრძნობლად მეტი დაუჯდა.


მაყვალა ბეშქენაძე, სოფელ ზემო სხვილისის მკვიდრი

სოცილურად დაუცველი ოჯახი, საღამოს ღუმელს შეშას აღარ უკეთებს და ადრე აქრობს. ჩაისთვის წყალს გაზქურაზე ადუღებს, ფიქრობს, რომ ასე შეშის ეკონომიას უფრო შეძლებს. მაყვალა მეუღლესთან ერთად მარტო ცხოვრობს და ცდილობს, ერთი მანქანა შეშა მთელი ზამთარი იმყოფინოს.

სახელმწიფოსგან 1 კუბურ მეტრ შეშაზე ბილეთის მისაღებად სოფლის მოსახლეობამ 5 ლარი უნდა გადაიხადოს. ოჯახს სულ 7 კუბამეტრი ეკუთვნის. ამბობენ, რომ ეს რაოდენობა საკმარისი არ არის, თუმცა პრობლემა სხვაც ბევრია.

,,შეშას თავის დროზე ვერ ვიღებთ, ისეთ ადგილზეა ხეები მონიშნული, რომ ტრაქტორი, ხარი და საწვავის ფული გვჭირდება, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. ცალკე პრობლემაა მისასვლელი გზები. სოფელს შეშა არ ჰყოფნის. ერთი მანქანა შეშა 800 ლარი ღირს, მაგრამ ნახევარ ზამთარს ძლივს გეყოფა, ამიტომ ბაღებში ხეხილის ხეებს ვჭრით“ , - შემოგვჩივლა ზემო სხვილისის მკვიდრმა, ქეთი კევლიშვილმა.

ქეთის შვილი, გელა სოფელ სხვილისიდან შეშის მოსატანად გუჯარეთის ტყეში დადის. 80 კილომეტრის დაშორებით მდებარე ტყიდან მერქნის წამოსაღებად ტრანსპორტი სჭირდება.
,,იქიდანაც მხოლოდ 2 კუბამეტრი მოგვაქვს, ამას საწვავის 120 ლარი და კუბაში გადასახდელი 5 ლარი ემატება. გაზზეც ვერ გადავდივართ, ძვირი ჯდება“, – გვეუბნება გელა და ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ შეშის არასაკმარის რაოდენობაზე გაცემული ნებართვის გამო, ხალხი იძულებულია არაკანონიერი ჭრა აწარმოოს.


გელა კევლიშვილი, სოფელ ზემო სხვილისის მკვიდრი

ამ ფაქტს ადასტურებს სატყეოს ეროვნული სააგენტოს მთავარი მეტყევე, თუმცა ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია. კობა სილაგაძის მტკიცებით, ეს კანონის გამკაცრებამ, გაზდილმა ჯარიმებმა და კონტროლმა გამოიწვია. სატყეოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობის 99%–ს ტყიდან შეშა უკვე გატანილი აქვს. პროცესები გეგმის მიხედვით მიდის და ხე–ტყის ინვენტარიზაციის შედეგად მონიშნული ხეები იჭრება.

ვინაიდან შეშა ახალციხეში და დანარჩენ საქართველოში ათწლეულებია გათბობის ძირითადი საშუალებაა, ტყემ თავისი რესურსი ამოწურა და დღეს იმის მეხუთედის მოცემა შეუძლია, რაც მოსახლეობას ყოველწლიურად სჭირდება. სწორედ, ამის გამო დაშორდა ტყეკაფები დასახლებულ პუნქტებს. სოფლის სიახლოვეს აღარ არის იმ კატეგორიისა და ხარისხის ტყეები, სადაც ხის მოჭრა შესაძლებელია.



გარემოს დაცვის სამინისტროს 2016 წლის მონაცემებით, მომხმარებელს წელიწადში 2 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი შეშა სჭირდება, სახელმწიფო კი მხოლოდ 600 ათას კუბურ მეტრს გასცემს, დანარჩენი დეფიციტურია.

„მოსახლეობა სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ვერაფერს შეძლებს. სახელმწიფომ უნდა შექმნას ხელშემწყობი წამახალისებელი მექანიზმები, რათა განვითარდეს კერძო სექტორი, რომელიც მომავალში შეძლებს მოსახლეობას შეშის ალტერნატიული რესურსი მიაწოდოს, როგორიცაა ბრიკეტი“, – გვითხრა CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა.

ეკოსისიტემას შეუქცევად ზიანს აყენებს სატყეო გზების სწრაფი შეყვანა. ეს სურათი წლიდან წლამდე უფრო რთულდება, რადგან ტყეში რესურსი უკვე ილევა. იქიდან არ შეიძლება იმაზე მეტი მერქნული რესურსის გამოიტანა, რამდენი შემატებაც აქვს. გარემოს დაცვის სპეციალისტების აზრით, მოთხოვნის ასეთი ტემპით ზრდა ტყის შეუქცევად დეგრადაციას გამოიწვევს.

მოსახლეობას ეს პრობლემა ახლა ნაკლებად აღელვებს. მათი საზრუნავი, კუთვნილი 7კუბა, მაღალმთინი სოფლის სტატუსის ქონის შემთხვევაში კი 15 კუბური მეტრის მთელ ზამთარზე გადანაწილებაა. ისიც იმ შემთხვევაში, თუ მერქნის ტყიდან გამოტანას მოახერხებენ.
| Print |