სოფლის მეურნეობა
ნაქალაქევსა და ფიაში მგლებმა პირუტყვი დაგლიჯეს
ასპინძაში, სოფელ ფიასა და ნაქალაქევში მგლების გახშირებულ თავდასხმებზე ჩივიან. ადგილობრივების განცხადებით, ბოლო სამ თვეში დაახლოებით 30–მდე პირუტყვია დაგლეჯილი.

ადგილობრივების თქმით, სოფლის მახლობლად საძოვარზე გაშვებულ საქონელს ოთხი მგელი ერთდროულად თავს დაესხა. ბოლო შემთხვევა ფიაში, 12 ნოემბერს, მოხდა. დაზარალებული პაატა კაველიძე ამბობს, რომ სოფლის მახლობლად ნადირი გამრავლდა. ,,სამი თუ ოთხი დღის წინ მგელმა ძროხა დამიგლიჯა, მე ფიაში ვცხოვრობ, მაგრამ შემთხვევები ნაქალაქევშიც ბევრია. შეიძლება ითქვას, რომ კვირა არ გავა, ნადირმა საქონელი რომ არ დაგლიჯოს. ზაფხულიდან დაიწყო და ალაბათ 30 სული უკვე შეჭამა“ .

სოფელში ამბობენ, რომ შემთხვევები გასულ წელსაც იყო, მაგრამ წელს განსაკუთრებით გახშირდა. დაზარალებული ტურებისა და მგლების მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრობს. ,,ტურებიც ბლომად არიან, მაგრამ მგელი დიდ ზარალს გვაყენებს. მომრავლდა და ძალაობს პირუტყვზე. იყო შემთხევა, როცა ღორი საღორიდან გამოიყვანა, კვირა არ გადის, რომ ვინმეს ძროხა არ შეუჭამოს. ვის მივმართოთ, სოფელში კი ვლაპარაკობთ, მაგრამ არც არავინ დაინტერესებულა ჩვენით“– წუხს პაატა კაველიძე.

კიდევ ერთი დაზარალებული პაატა ოთანაძეა, რომელსაც ნადირმა უკვე სამი სული პირუტყი შეუჭამა. სოფლის მკვიდრი წუხს, რომ არსებული კანონმდებლობის გამო მათ ნადირისგან თავის დაცვა არ შეუძლიათ. ,,ძალიან ბევრია, ოთხი ერთად იყო ამის წინ, ძროხა რომ შეჭამეს, თოფი, რომ ვესროლო აქეთ დამიჭერენ, მოკლა და სასამართლოებზე უნდა გარბენინონ და ვის მივმართო? არადა სამი სული შემიჭამა უკვე. აცივდა და ნადირიც უფრო საშიში გახდა, ბავშვი რომ იყოს ახლომახლო, ან პატრონი, ვინ არის დაზღვეული, რომ მათ სიცოცხლესაც არ დაემუქრება საფრთხე“ – ამბობს პაატა ოთანაძე, რომელსაც მგელმა თავიდან ერთი, ხოლო მოგვიანებით ორი ძროხა ორი კვირის განმავლობაში შეუჭამა.


პირუტყვზე მგლების თავდასხმების შესახებ ცნობილია თამაზ მაღრაძისთვის, რომელიც მერის წარმომადგენელია ოთხ სოფელში – ფია, ნაქალაქევი, თმოგვი, მირაშხანი. ამბობს, რომ პრობლემა თავად მოსახლეობამ უნდა მოაგვაროს. ,,პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობას მწყემსის გარეშე ჰყავს გაშვებული პირუტყვი, აცივდა და ნადირი მოშიებულია. ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებაში როგორ მოვეხმარებით, თვითონ უნდა მიხედონ. ჩემთვის არავის მოუმართავს. გუშინ გავიგე რომ სოფელ ფიაში ორი სული შეუჭამია, ვუთხარი კიდეც, რომ უნდა მიუჩინონ პატრონი. თუ პატრონი ეყოლება, არა მგონია მგელი კიდევ გამოჩნდეს. ჰაერში გასროლით ხომ შეიძლება თავი დაიცვას“ – აცხადებს თამაზ მაღრაძე.

რწმუნებულის აზრს იზიარებს დეპუტატი ასპინძის საკრებულოში. ბადრი მაღრაძე გახშირებულ შემთხვევებს უარყოფს. ,,თოვლი ჩამოწვა და გახშირდა, რამდენიმე შემთხვევა არის, მაგრამ ეს მასიურ ხასიათს არ ატარებს. პრობლემა ის არის, რომ საქონელს მწყემსი არ ჰყავს. რამდენიმე დღეა რაც გამოჩნდა, მაქსიმუმ 2–3 შემთხვევა იყოს. ზაფხულში არ ყოფილა ეს პრობლემა. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ მოსახლეობამ თავის პირუტყვს უნდა მიხედოს“.

ფოტო: Videograb
| Print |