სოფლის მეურნეობა
ძველი ტრადიციების აღდგენის ნომინაციაში მესხმა მეღვინემ გაიმარჯვა
მესხმა მეღვინემ გიორგი ნათენაძემ, წლის ფერმერის სტატუსი მოიპოვა.
მას ჯილდო ძველი ტრადიციების აღმდგენი ფერმერის ნომინაციაში გადაეცა. ის ერთადერთი ფერმერია, რომელიც სამცხე-ჯავახეთიდან რჩეულებს შორის მოხვდა.

გიორგი გადაშენების პირას მყოფი ვაზის საუკუნეების წინანდელი ჯიშებიდან დღეს 12 ზე მეტი სახეობის ღვინოს აწარმოებს, მათ შორის მესხურ ბიო ღვინოს. ექსპორტთან ერთად მის უცხოელ პარტნიორებს ხშირად იწვევს და მასპინძლობს სამცხე ჯავახეთის ტერიტორიაზე და ამ გზით რეგიონს ტურისტულ პოტენციალსაც ზრდის.

დაჯილდოვება ზუგდიდში, დადიანების სასხლეში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.

"ფერმერის დღე 2018"-ის ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში სულ 23 წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. მათ შორის დასახელდნენ ახალგაზრდა ფერმერი ქალი, ახალგაზრდა ფერმერი კაცი, წლის ექსტენციონისტი ფერმერი, ძველი ტრადიციების აღმდგენი ფერმერი, წლის დამსაქმებელი ფერმერი, ხალხის რჩეული და სხვა.

"ფერმერის დღე" 2015 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად იმართება. საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ეს დღე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.
| Print |