სოფლის მეურნეობა
,,2018 წლის მონაცემებით გაზრდილია ანტიბიოტიკიანი თაფლის რაოდენობა" – ახალციხელი მეფუტრე
გიორგი მერაბიშვილმა მეფუტკრეობა დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. ფუტკრის ოჯახებს დასავლეთ საქართველოში ყიდულობდა და ამრავლებდა.

ახლა იძულებულია ოჯახები გამოცვალოს, რადგან ცვილში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ თაფლს ევროკავშირის ბაზარზე ვეღარ გაიტანს.

ამბობს, რომ იძულებულია ფუტკრის ოჯახები გამოცვალოს, რისთვისაც ხელოვნურ ცვილს ეძებს. ახალციხელი მეფუტკრე თავდაპირველად ბიოფიჭის შეძენას გეგმავდა, თუმცა მაღალი ფასის გამო ეჭვობს, რომ მის ყიდვას ვერ შეძლებს.

,,ერთი ოჯახისთვის საჭირო ცვილის შეძენა 4–5 ევრო ღირს, მე კი მინიმუმ ორი–სამი ათასი ცვილი მაინც მინდა, რაც ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. ვნახოთ გაზაფხულამდე რას ვიზამ" – აცხადებს მეფუტკრე.

გიორგი მერაბიშვილი ერთ–ერთია იმ მეფუტკრეთა შორის, რომლის თაფლშიც ანტიბიოტიკი აღმოჩნდა. თავად არასდროს უსარგებლია წამლებით, მაგრამ ვარაუდობს, რომ წამალი შეძენილ ცვილის ფირფიტებს გამოყვა. წუხს, რომ ხარჯი ორმაგდება, რადგან შეძენის შემთხვევაში ცვილის კვლევა საქართველოში არ ხერხდება.

,,2017 წელს კლების ტენდენცია ჰქონდა, ევროპაში რომ იგზავნებოდა თაფლები, 104 ნიმუში იგზავნებოდა.. 2018 წლის მონაცემებით გაზრდილია ანტიბიოტიკიანი თაფლის რაოდენობა. დაავადებას, ამერიკული და ევროპული სიდამპლე ჰქვია, რომელიც საქართველოში 90–იანი წლებიდან გაჩნდა. წინასწარ პრევენციის ან პროფილაქტიკის მიზნით, ფუტკრის ოჯახი რომ არ დაავადებულიყო, ანტიბიოტიკს უსაფუძვლოდ იყენებდნენ, რის გამოც ამდენი წლის შემდეგ კვლავ პრობლემა იქმნება" –აცხადებს გიორგი მერაბიშვილი.

ქართული თაფლის ევროკავშირის ქვეყნებში გასაყიდად გატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი მეფუტკრეები ფუტკრის სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს აღარ გამოიყენებენ. ამ დროისთვის როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე კერძო კომპანიების მიერ გაკეთებულ თაფლის ლაბორატორიულ სინჯების დიდ ნაწილში ევროკავშირში აკრძალული ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა ფიქსირდება.

მეფუტკრე ზურაბ სადათიერაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ანტიბიოტიკების შემცველ პრეპარატებს მეფუტკრეობაში მასიურად იყენებენ, ქართულ თაფლში ანტიბიოტიკები უმეტესად შესაწამლი საშუალებებიდან ხვდება.



ზურაბ სადათიერაშვილს ფუტკრისთვის ანტიბიოტიკი არასდროს მიუცია, თუმცა თაფლიც არ შეუმოწმებია. ეჭვობს, რომ მეფუტკრეობაში პრობლემა
უკონტროლობამ შექმნა.

,,არამარტო მეფუტკრეობაში, მესაქონლეობასა და მემცენარეობაშიც ასეა. საჭიროა თუ არა ფერმერი თავის დაზღვევის მიზნით, ანტიბიოტიკს მაინც
იყენებს, რაც საბოლოოდ უკვე პრობლემაა. არადა სინამდვილეში, თუ დაავადება არ აქვს ფუტკარს ან ნებისმიერ ცხოველსა თუ მცენარეს, მის გამოყენებას აზრი არ აქვს. წამლის გამოყენება მაშინ არის საჭირო, თუ ევროპული ან ამერიკული სიდამპლე დადასტურებულია. ევროპაში მაგალითად, თუ ოჯახს ამერიკული სადამპლე აღმოაჩნდა მას წვავენ და მთლიანად ანადგურებენ. მიჩნეულია, რომ დაავადების გაჩენის შემთხვევაში მკურნალობას განადგურება სჯობს"
– ამბობს ახალგაზრდა მეფუტკრე.

იმის გამო, რომ თაფლში არსებული ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენების არსებობა ერთ-ერთი ხელშემშლელი პირობაა ევროკავშირში თაფლის ექსპორტის შეზღუდვის მხრივ, 2018 წლის 6 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო ორი დადგენილება, რომლითაც იკრძალება სურსათში, მათ შორის თაფლში, კონკრეტული ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობა, რადგან მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა, იკრძალება ისეთი ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია, რომლებიც შეიცავენ აკრძალულ ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს ამ ნივთიერებების შემცველი რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატების შემოტანა და ბაზარზე განთავსება 2019 წლიდან ეკრძალებათ.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილი ამბობს, რომ ,,ამ ფაქტის გარშემო კონტროლი არ ხდება, უფრო მეტად ჭორის დონეზე ვრცელდება. მექანიზმია შესამუშავებელი და თუ გვინდა, რომ მასიურად მოხდეს გატანა, მაშინ მექანიზმი სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს".

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [WHO] განაცხადა, რომ ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა სახიფათოდ მაღალ დონეს აღწევს მთელს მსოფლიოში.
| Print |