სოფლის მეურნეობა
,,ადამიანი მამა–პაპის კერას რომ ტოვებს, მადლი აღარ მიჰყვება" – 86 წლის მოხუცი საროდან
სოფელი სარო ასპინძიდან 17 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ცნობილია ძვ.წ.აღ–ის მეხუთე–მესამე საუკუნის ციკლოპური ნაგებობებით. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის შემთხვევაში სოფელს ყველა რესურსი აქვს აგრო და რელიგიური ტურიზმის გასავითარებლად. მიუხედავად ამისა, სარო თანდათან იცლება.

,,აბანო, კინოკლუბი, საბავშვო ბაღი, სამკითხველო აღარაფერი გვაქვს, ყველაფერი მოიშალა. ამბულატორია გვქონდა და ისიც აღარ მუშაობს. სოფელს მხოლოდ ერთი ექთანი ჰყავს, სკოლაში მოსწავლეზე მეტი მასწავლებელია" – საროს პრობლემათა ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს. სოფელში მიგრაციის შედეგებზე ჩივიან.


,,მოსახლეობა სოფელს დღითიდღე ტოვებს, ბევრი ადგილი უკვე ნასოფლარია, 90–იან წლებამდე სოფელში 150–ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი ოცამდე კომლი დავრჩით" – წუხს საროში მცხოვრები 86 წლის პეტრე მაღრაძე.

იგი სოფელში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ახალციხიდან საროში საცხოვრებლად პეტრე მაღრაძე ათი წლის წინ დაბრუნდა. ამბობს, რომ სიბერეში ,,მშობლიური კერა ტკბება. ადამიანი მამა–პაპურ კერას როცა ტოვებს, მადლი თან აღარ მიჰყვება".

ახალგაზრდობის წლებს ღიმილით იხსენებს და გვიყვება, რომ გაჭირვების დაწყებამდე საროში სამ დღიანი გრანდიოზული ქორწილები იმართებოდა. ქორწილზე ძველი მესხური კერძების მომზადება კი ერთგვარი ტრადიცია იყო.

,,ყაისაფას“ ვაკეთებდით და ერთმანეთს მუდამ გვერდში ვედექით, მოსახლეობა მრავლად იყო და სიხარულიც არ ილეოდა. ერთმანეთის ჭირსა და ლხინს თანაბრად ვიზიარებდით. ცხოვრება შეიცვალა, ახალგაზრდები ქალაქში წავიდნენ, სოფელში ნამატმა იკლო".

86 წლის მოხუცი მიგრაციის მთავარ მიზეზად სამუშაო ადგილების სიმცირესა და სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობას ასახელებს.

,,ბარაქიანი მიწაა, ყველაფერი უხვად მოდის. ხელშეწყობის გარეშე დარჩენილი ხალხი სოფელს უკან მოუხედავად ტოვებს. ამასობაში, თბილისის მოსახლეობის ხვედრითი წილი იზრდება და ქვეყანა თავკომბალას ემსგავსება. ადამიანების მესამედზე მეტი დედაქალაქში ცხოვრობს. თუ სოფელს დაეხმარებიან, მოსახლეობა უკან დაბრუნდება. უსაქმურად ყოფნა არ შეიძლება, ცუდი საქმეები უსაქმურობით იწყება" – ნაღველშეპარული ხმით აღნიშნავს პეტრე მაღრაძე.

,,მინდა, რომ ახალგაზრდები აქ იყვნენ, სოფელში. ქალაქში ბევრი მკვლელობაა და ძნელია იქ ცხოვრება. მარტო მოხუცები ვერაფერს ვაკეთებთ, უმუშევრობის გამო ხალხი ქალაქში ან სულაც თურქეთსა და იტალიაში გარბის, რადგან ზოგს სახლი და საჭმელ–სასმელიც არ აქვს. სოფელში აღარავის დაედგომება“ – გვიყვება 84 წლის მარო ბებო.

,,სავსე ოჯახი“ რომ ჰქონოდა, ახალგაზრდობაში ბევრს მუშაობდა, თუმცა დღეს იმაზეც წუხს, რომ სოფელს, სახნავი ტრაქტორი არ ჰყავს. ამბობს, რომ ერთ ოჯახს მიწის დამუშავებისთვის 800 ლარი ჭირდება. მაღალი ფასის გამო ხალხი სოფელში აღარ რჩება. ამ თანხით ადგილობრივებს მიწის დამუშავების ნაცვლად მაღაზიაში ფქვილს ყიდვა ურჩევნიათ, ოჯახი მშიერი რომ არ დარჩეთ.

მაროს ბებო აზრით, ახალგაზრდებმა დიდხანს რომ იცოცხლონ, ნატურალური პროდუქტი უნდა მიირთვან. ნატურალური პროდუქტი კი ძლიერი სოფლის წინაპირობაა, რომელმაც ქალაქი ჯანსაღი პროდუქტით უნდა მოამარაგოს.

მიუხედავად იმისა, რომ ,,ასაკში არიან“, სოფლის საქმეს მაინც თავად უძღვებიან და შემოსავლის წყაროც აქვთ. მარო ბებო და მისი 82 წლის მეუღლე საქონლისა და ბაღების მოვლასთან ერთად ას ძირ ფუტკარს უვლიან, ნატურალურ თაფლს ყიდიან და შვილებსაც ეხმარებიან.

მეუღლის მსგავსად დაცარიელებულ სოფელზე დარდობს 82 წლის კოწია ასპანიძე. წლების წინ საცხოვრებლად საროდან ნიჯგორში ჩამოვიდა, თუმცა ახლა უკვე საროსთან ერთად ნიჯგორის დაცლაზეც წუხს.

,,მე სოფელი კარგი ხალხით მეამაყება. სოფელი არ უნდა გავერანდეს და გადაშენდეს. ნიჯგორს ადრე საროს ბაღებს ვეძახდით. გზის პირას ახლოს იყო და საროს მაცხოვრებელთა ნაწილი დაბლა ჩამოვედით. დღეს კი ხალხი ნიჯგორსაც ტოვებს“ – ამბობს 82 წლის მოხუცი, რომელიც ნატრობს, რომ 25 წლის იყოს და ცხოვრება თავიდან დაიწყოს.

,,მამაჩემს ხუთი შვილი ჰყავდა, მეც ხუთი მყავს. მაგრამ ახლა, დაინიშნებიან და მორჩა, ორ შვილზე მეტი აღარ უნდათ. როგორ უნდა გავმრავლდეთ? შვილიშვილი თუ აქ არ დარჩება, ამდენი რისთვის მიწვალია?“ – წუხს კოწია პაპა.

87 წლის ბაბალე ლონდარიძე სოფელ საროში დაიბადა და გაიზარდა. სოფელს არასოდეს დატოვებს და ამას არც ახალგაზრდებს ურჩევს. ქალაქში იშვიათადაა ნამყოფი და იქ დარჩენის სურვილი არასოდეს ჰქონია. ბაბალესგან განსხვავებით, სოფლისადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად, გულნარა მეფარიშვილი არასოდეს მოსთხოვს საკუთარ შვილს უკან, სოფელში დაბრუნებას.

,,რატო, შვილო, რისთვის ჩამოვიდნენ? აქ აღარაფერია, არავინ ჩვენ არ გვეხმარება. ძალიან მიჭირს რომ ჩემ შვილებთან და შვილიშვილებთან არ ვარ, მაგრამ აქაურობა როგორ მივატოვო?! საროში ხომ სასწაული ბუნება და ტერიტორიაა, მაგრამ რად გინდა, გაჭირვების გამო აღარავინ ჩერდება“ – წუხს გულნარა ბებო.

,,ადრე არსებული ფაბრიკა–ქარხნები სოფლის გასაძლიერებლად მუშაობდა, ახლა სახელმწიფოსგან არავითარი ხელშეწყობა არ გვაქვს, მაგრამ სოფელი ძალიან მიყვარს – მოსავალი ავიღე, ეზო–კარი გავასუფთავე, მწვანილებს ოთხივე სეზონზე ვახარებ, მოხუცი ქალი ვარ, მაგრამ გაჩერება არ შემიძლია. ვინც შრომობს სარჩო არ აკლია. სოფელში სამუშაო არასოდეს ილევა. ბოროტება ჩვენთან არ არსებობდა, არც გონში გვიდევს. სიკეთით დაბადებულები ვართ და სიკეთე უნდა ვაკეთოთ“.

2014 წლის საქსტატის მონაცემებით სამცხე–ჯავახეთში 10 ნასოფლარი ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 57% ქალაქში ცხოვრობს, თუმცა არაოფიციალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია. ასევე ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ნასოფლარების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.


| Print |