სოფლის მეურნეობა
ელიტური ჯიშის კარტოფილი
მესხეთში მომავალი აგრო წელიწადისთვის მზადება დაიწყეს.

მეკარტოფილე ფერმერებმა პირველ რიგში, კარგი სათესლე მასალა უნდა მოიმარაგონ, რომ მოსავალიც უკეთესი ჰქონდეთ.



ზემო სხვილისში მცხოვრები მაყვალა ბეშქენაძის ბიუჯეტი, მაღალი ხარისხის, ელიტური ჯიშის კარტოფილის თესლს ვერ შესწვდა. პენსიონერმა ქალმა შარშან 400 კგ. სათესლე კარტოფილი იყიდა, კილოგრამში 1 ლარი გადაიხადა.

„სამ ლარად ვყიდულობდი ხოლმე სათესლე მასალას. შარშან ახალქალაქიდან, ნაცნობისგან ვიყიდე და ასეთი იაფი იმიტომ დამიჯდა. არ არის კარგი თესლი, მოსავალი ცუდი მოგვცა და კარტოფილიც სულ გაფუჭდა. წელს უნდა მოვიჭირვო და კარგი თესლი ვიყიდო, ცოტას პენსიიდან გადავდებ და ცოტასაც კარტოფილს გავყიდი“, - გვეუბნება 77 წლის ქალი და თან დამპალ ბოსტნეულს არჩევს.



ბიძინა ივანიშვილი მეკარტოფილე ფერმერებს ელიტური ჯიშის სათესლე მასალას, ჯერ კიდევ 2012 წელს, წინასაარჩევნოდ, ბოლნისში მოსახლეობასთან შეხვედრისას დაპირდა.

“3-4 წელიწადი მოვანდომეთ ელიტური კარტოფილის ჯიშის თესლის გამოყვანას და გაისისთვის იმდენი გვაქვს, რომ მთელ საქართველოს ეყოფა და დავურიგებთ უფასოდ“.

ელიტური ჯიშის კარტოფილის შესახებ არაფერი სმენიათ სოფლის მაცხოვრებლებს. სხვილისში ფერმერები ამბობენ, რომ სათესლე მასალა მაღაზიაში 3,50 ლარად იყიდება.

„კარტოფილის ჯიშები ძალიან ბევრია, მაგრამ ხეირი ძალიან ცოტა. ჩვენთვის უფასოდ კი არა, იაფადაც არავის მოუცია კარგი ჯიში,“ - ამბობს სხვილისელი გევორქ აბრამიანი.

სათესლე მასალას ყოველ წელს ცვლის ფერმერი დავით პაპიძე.
„თესლს გამოცვლა უნდა, რომ უკეთესი მოსავალი მივიღოთ, თორემ სხვაგვარად ხარჯებსაც ვერ ვფარავთ. მაღაზიაში ისეთი ფასებია, ვერ წვდები. 3-დან 4 ლარამდე ღირს საზღვარგარეთიდან შემოტანილიკარგი სათესლე მასალა,“ - ამბობს ის.

ფერმერმა ორი ტონა სათესლე მასალა 1 400 ლარად უკვე შეიძინა. „წალკიდან მოვიტანე. 100 ლარი გზაში, საწვავისთვის დამჭირდა. არც მსმენია ელიტური კარტოფილის ჯიშზე, ჩვენთვის არავის არაფერი დაურიგებია.“ - გვეუბნება დავით პაპიძე.



„მარტო თესლი ხომ არ არის. მოხვნა გვინდა, მორწყვა, სასუქი, შეწამვლა. ასე წვალებით მოგვყავს და მერე კილოს 50 თეთრადაც ვერ ვყიდით“, - გვეუბნება ფერმერი სოფელ წნისიდან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ელიტური ჯიშის კარტოფილის გამოყვანას, 4-5 წელი სჭირდება. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გვეუბნება, რომ ცენტრი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით შემოიფარგლება, მაგრამ გამოსაცდელად ძალიან მცირე რაოდენობას შერჩეულ ფერმერებსაც აძლევენ.

„2012 წელს ჩვენ გვქონდა გამოყვანილი ელიტური ჯიშების იმდენი რაოდენობა, რომ ზოგი დარიგდა და ზოგი გაიყიდა, მაგრამ ახლა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია. იმ რაოდენობით ვერ გამოვიყვანთ თესლს, რომ ფერმერებს დავურიგოთ. ჩვენ ვატარებთ კარტოფილის ჯიშების კვლევებს, რათა ფერმერებმა იცოდნენ, რომელ რეგიონში რომელი ჯიშია უხვმოსავლიანი. სამომავლოდ გვაქვს გეგმები, რომ საუკეთესო თესლი გავამრავლოთ და ფერმერებს დავურიგოთ, მაგრამ არ ვიცით რამდენი წელი დასჭირდება ამას“, - ამბობს აგრონომი დალი წიკლაური.

სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, სათესლე მასალის გარდა, მეკარტოფილე ფერმერების სხვა პრობლემებზეც საუბრობენ. 
„ჩვენს რეგიონში სათესლე მასალა ასე თუ ისე იშოვება, რამდენიმე კომპანიას შემოაქვს, ხარისხი ნორმალურია. ფასი უფრო პრობლემაა. ფერმერი ცუდ დღეშია. თესლის გარდა, ყოველწლიურად ძვირდება კომბინირებულ სასუქსა და შხამქიმიკატებზე, მაგრამ კარტოფილის ფასი არ იზრდება. სახელმწიფოს როლს ამაში ვხედავ, რომ ეს ფასები დაარეგულიროს“, - ფიქრობს სოფლის მეურნეობის სპეციალისტი პავლე გიქოშვილი.



ბიძინა ივანიშვილის დაპირება ახსოვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსს. ნანა ზუბაშვილი ამბობს, რომ სამეცნიერო ცენტრმა ელუტური სათესლე მასალა ფერმერებს განახევრებული ფასით მიჰყიდა. ამ ეტაპზე კი მსგავსი პროექტის განხორციელება დაგეგმილი არ არის.

„წელს საკმაოდ ძვირი ღირდა სათესლე კარტოფილი, გეთანხმებით, რომ უჭირს ფერმერს, ელიტური ჯიშები შეიძინოს. ჩვენ სათესლე მასალის ძალიან ბევრი მომწოდებელი გვყავს. მაგალითად, წინა წლებში რეგიონში დიდი რაოდენობით თესლი დარჩა, ამიტომ შეძლეს ფერმერებმა, რომ მომავალ წელს ნაკლებ ფასად შეეძინათ", - ამბობს ნანა ზუბაშვილი. 

ფერმერთა ნაწილი ამბობს, რომ ხარისხიან სათესლე მასალას ვერ ყიდულობენ და მიწის ნაკვეთებსაც სრულად ვერ ამუშავებენ. 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით, ფერმერებმა მიწის ნაკლები ფართობი რომ აითვისეს, ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოშიც საუბრობენ. ნანა ზუბაშვილის თქმით, რეგიონში წელს 20%-ით ნაკლები ფართობი დაითესა.
| Print |