სოფლის მეურნეობა
რძის საწარმოებს აუდიტი ჩაუტარდებათ
თბილისში, ქართული რძის ნიშნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც რძის პროდუქტების მწარმოებელი 70-მდე კომპანია, სუპერმარკეტების, აგრარული ბაზრების, სექტორული ასოციაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ახალი ,,ქართული რძის" ნიშანი არის განმასხვავებელი ნიშანი და მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც მზადდება მხოლოდ ნედლი (ნატურალური) რძით და არ შეიცავს რძის ფხვნილს და/ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს. ნიშნის მიზანია ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას. „კავკასიის რესურსცენტრის“ მიერ ახლახანს ჩატარებულმა ურბანულ მომხმარებელთა ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას სურს იყიდოს ნედლი რძისგან დამზადებული ნატურალური პროდუქცია, თუმცა მათ არ აქვთ საშუალება განასხვავონ ასეთი პროდუქტი რძის ფხვნილისა და სხვა დანამატებით დამზადებულისგან.

,,ქართული რძის" ნიშნის გამოყენების უფლება ექნება ყველა რეგისტრირებულდა HACCP სერთიფიცირებულ რძის საწარმოს ქვეყნის მასშტაბით, რომელიც რძის პროდუქტების წარმოებისათვის იყენებს ნედლ რძეს და აკმაყოფილებს ნიშნის მიღების კრიტერიუმებს. დამოუკიდებელი ორგანიზაცია რეგულარულად ჩაატარებს ამ რძის საწარმოების აუდიტს და მისი შედეგები და საწარმოს მონაცემები აიტვირთება www.georgianmilk.ge ვებგვერდზე, რომელიც გააქტიურდება მარტის დასაწყისში. ნიშანი მეწარმეებს დაეხმარება არაჯანსაღი კონკურენციის დაძლევაში, რაც განპირობებულია ქართულ ბაზარზე რძის ფხვნილით წარმოებული პროდუქციის სიუხვით.

საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია GMA „ქართული რძის“ ნიშნის გაცნობას მოსახლეობისა და სუპერმარკეტებისთვის მომავალი თვიდან დაიწყებს.

შეხვედრა მხარდაჭერილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ორგანიზატორი - შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და მერსი ქორფსის პროექტი - კავკასიის ალიანსების პროგრამა (ALCP).
| Print |