სოფლის მეურნეობა
ფერმერთა ასოციაცია სათათბიროსთვის დელეგატებს არჩევს
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ფერმერთა სათათბიროს ფორმირებისთვის დელეგატების შერჩევას იწყებს. ასოციაციის ხელმღვანელებმა ახალციხეში შეხვედრა გამართეს და სათათბიროს მიზნებზე ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელების განმარტებით, სათათბირო ფერმერთა ინტერსების დასაცავად და საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით ყალიბდება, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდება, მთავრობის მიერ ინიცირებული ისეთი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, რომელიც უშუალოდ ფერმერთა საქმიანობას ეხება.

სათათბიროს წევრობისთვის აუცილებელია, დელეგატი იყოს ფერმერთა ასოციაციის წევრი, იყოს მოქმედი ფერმერი და არ იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.

ფერმერთა სათათბირო იქნება 120 წევრიანი ორგანო. ერთი მუნიციპალიტეტიდან ორი დელეგატი შეირჩევა, სათათბიროს არჩევნები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება.

მასში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია 11 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება.

სათათბიროს ორგანოს ფორმირება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.


| Print |