სოფლის მეურნეობა
ახალციხეში პირუტყვის რეგისტრაციის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიკაციის პროექტის მიმდინარეობა მიმოიხილეს ახალციხეში.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური დირექტორი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას და სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეწვია.

შეხვედრაზე საქონლის რეგისტრაცია–იდენტიფიკაციის მნიშვნელობასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

პროგრამის ფარგლებში, მსხვილფეხა საქონელს ყურზე საიდენტიფიკაციო ნიშნები უმაგრდება და ცხოველისთვის ჩატარებულ აცრებზე ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირდება.

2018 წელს, სამცხე–ჯავახეთში უკვე 13 000 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რეგისტრაცია განხორციელდა.

ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან ხორციელდება, თუმცა ორი წლის წინ, დონორების დახმარებით, გაუმჯობესებულ სისტემაზე გადასვლა დაიწყო.

პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), სურსათის ეროვნულ სააგენტოსტან ერთად ახორციელებს. ცხოველთა რეგისტრაცია–იდენტიფიკაციის ფინანსური მხარდამჭერი შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოებია.

შვეიცარიის დელეგაციამ სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრით და მატყლის გადამამუშავებელ საწარმოში ვიზიტით დაასრულა.

| Print |