სიახლეები
ამომრჩევლის წითელი ბარათი ხელისუფლებას
25 საპრეზიდენტო კანდიდატიდან, სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, ხმათა უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმათა ძირითადი ნაწილი, სამ კანდიდატზე გადანაწილდა. რეგიონში, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმების დაახლოებით 46% მოიპოვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ყველა მოქალაქის საპატიო მოვალეობაა. ზაზა მელიქიძე ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება.

,,ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის. მეც დავაფიქსირე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა და ავირჩიე საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც იქნება ძალიან წარმატებული, არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვაკვირდებით წლიდან წლამდე არჩევნებს, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დემოკრატიულია და უფროდაუფრო მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს" – აცხადებს ახალციხის მერი.

,,ამომრჩეველმა უარი უთხრა უცბად გამდიდრებულ მაღალჩინოსნებს, გაზრდილ კრიმინალს, უსამართლობას ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სახით და ცარიელ მაცივარს“ – აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ახალციხეში.

ირაკლი ბარძიმაძის აზრით, არჩევნების შედეგების გარდამტეხი მაინც აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება იყო. ამბობს, რომ მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.

,,ყოველშემთხვევაში მეორე ტურს ველოდებოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ვაშაძე გავიდოდა. მარტო ,,ნაციონალურ მოძრაობას" და გაერთიანებულ ოპოზიციას კი არა, არამედ მთლიანად ქვეყანას გაუმართლა. სალომე ზურაბიშვილს პირველი ტურში გაყალბების, ადმინისტრაციული რესურსის, მკვდარი სულების და ა.შ. შედეგად აქვს ხმები მიღებული ... ყველამ დატოვა ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოგდებული მავნე განწყობები – თურმე ვიღაცა ვიღაცის გვერდით არ უნდა იდგეს და ყველა ქართველი რატომ ერთი არ არის ვერ ვხვდები" – კითხულობს ირაკლი ბარძიმაძე.

არჩევნების შედეგებს დემოკრატიულს უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოების მესხი წარმომადგენლები. ადამიანებმა უარი უთხრეს მათ, ვისი იმედიც აღარ აქვთ და საკუთარი პროტესტი არჩევნების გზით, ცივილურად გამოხატეს.

სამოქალაქო საზოგადოება ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საზოგადოება კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რათა ერთიდაიგივე ადამიანებმა ვერ შეძლონ მუდმივად ქვეყნის განვითარების შეფერხება. ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობამ ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენა.

,,ადამიანებმა გამოხატეს თავისი ნება თუ პროტესტი და უთხრეს ხელისუფლებას, რომ ასე ცხოვრება აღარ გვინდა. ფაქტობრივად, წითელი ბარათი უჩვენეს. პატარ–პატარა კონფლიქტები კი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მშვიდად ჩაიარა არჩევნებმა. სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდა. 2012 წელს დაფიქსირდა ფაქტი, რომ ხალხის ნებას ბევრი რამ შეუძლია. ადამიანები მიხვდნენ, რომ უნდა გააკეთონ ის, რაც უნდათ და მათი გადასაწყვეტია ვის უნდა უთხრან არა. იგივე განმეორდა წელსაც. ამის მერე ხელისფლებაში ვინც მოვა, უნდა იცოდეს, რომ თუ რაღაცას ისე არ გააკეთებენ, ადამიანები ზურგს შეაქცევენ" – განმარტავს ცირა მესხიშვილი.

დარღვევების მიუხედავად არჩევნები შეიძლება ითქვას, მაინც დემოკრატიულად ჩატარდა. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოხატა მოქალაქეთა ნება და პოლიტიკოსებს ცხადად აჩვენა, როგორი გზით სურს ქვეყნის განვითარება.

,,დემოკრატ მესხთა კავშირში“ ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსებმა საქართველოს საშინაო და საგარეო კურსის კორექტირება უნდა მოახდინონ. კავშირის თავმჯდომარე გიორგი ანდღულაძე განმარტავს, რომ წითელი ხაზი მაინც ნარკოპოლიტიკა, პარლამენტის დედაქალაქში გადატანისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაჟღერება აღმოჩნდა.

,,შესაძლოა ვთქვათ, რომ არჩევნებმა მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა. ამომრჩეველმა ასე გამოხატა თავისი ნება, ასე უნდა და ამ მიმართულებით უნდა ქვეყნის განვითარება. რამდენად მოსალოდნელი იყო ახლა ძნელია ამის თქმა, მაგრამ რეალურად არის ის, რაც ამომრჩეველმა დააფიქსირა" – მიაჩნია გიორგი ანდღულაძეს.

რაც შეეხება მეორე ტურს, ახალციხეში მიაჩნიათ, რომ გამარჯვებას საბოლოოდ მოსახლეობის მობილიზება და საარჩევნო პროგრამების ამომრჩევლებამდე სწორად მიტანა განაპირობებს.

| Print |