სიახლეები
,,რუსეთი ოკუპანტია" – გზავნილი ახალციხიდან
რუსეთი ოკუპანტია! - ამ სახის წარწერას ახალციხის ერთ-ერთი რესტორნის ქვითარზე წაიკითხავთ.

,,სტუმრებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ამ ნაბიჯით, ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ და მოსახლეობას რუსული ოკუპაციის შესახებ კიდევ ერთხელ ვახსენებთ!“ - აცხადებს მეცხრე არხთან ახალციხელი მეწარმე.

რესტორნის მფლობელის მხრიდან რუსული ოკუპაციის პროტესტს სამოქალაქო პასუხისმგებლობას უწოდებს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ჯაბა ნათენაძის აზრით, მოსახლეობა მუდმივად უნდა საუბრობდეს რუსული ოკუპაციის შესახებ.

,,ქვითრები, ასეთი წარწერებით რაც უფრო მეტი იქნება, უკეთესია. რადგან მომხმარებლის გარკვეული ნაწილი, დღეს რესტორნებში ხშირად რუსულ სიმღერებზე ილხენს.. კარგი იქნება, თუ ქვითრის მიღების დროს მაინც გაიხსენებენ, რომ მათი სამშობლო რუსების მიერ არის ოკუპირებული“ – აცხადებს ჯაბა ნათენაძე.

ახალციხეში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთი მეწარმის პროტესტის ფორმას მნიშვნელოვანს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მოქალაქეები ყოველთვის უნდა გამოხატავდნენ თავის დამოკიდებულებას ქვეყნის დამპყრობლის მიმართ.

ლევან ყირიმლიშვილი იმედოვნებს, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სხვა მეწარმეებიც შეურთდებიან.

| Print |