Error
სიახლეები
,,შვილიშვილებს ვერ ვაქორწინებ, რადგან სამსახური არ აქვთ“
ოთხი წლის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის რაოდენობა თანდათან მცირდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014-2017 წლებში, რეგიონში 7 342 ბავშვით ნაკლები დაიბადა.
შობადობა შემცირებულია გენდერულ ნაწილშიც. ჯამში, ბოლო ოთხი წლის მანძილზე სამცხე–ჯავახეთში, 7 798–ით ნაკლები გოგონა დაიბადა.

რეგიონის მოსახლეობის აზრით, შობადობის შემცირების მიზეზებს შორის ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა ლიდერობს.

,,სამუშაო პირობები უნდა იყოს, რომ დასაქმდე და ბავშვები იყოლიო. ახალგაზრდებს დასაოჯახებლად პირობები არ გააჩნიათ, ეს პრობლემა მომავალში გადასაწყვეტია,“ ,,ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მეორე-მესამე ბავშვს აღარ აჩენს, არ აქვთ სამსახური, წამლის და მკურნალობის ფული რომ დასჭირდებათ, რა უნდა ქნან? საქართველო არ უნდა დაცარიელდეს“ - ამბობენ ახალციხელები.



2019 წლის იანვარში ახალციხის ორ კლინიკაში 62 ახალშობილი დაიბადა.

სამხრეთ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის კლებასთან შედარებით, ეს ციფრი არც თუ ისე სახარბიელოა.

1994 წელს რეგიონის მოსახლეობა 245 100 კაცს შეადგენდა, 2018 წელს კი სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეების რაოდენობა 89 300 კაცით შემცირდა.

ახალციხეში ამბობენ, რომ ახალგაზრდა ოჯახს ძირითადად, ორზე მეტი შვილის ყოლა არ სურს. არასასურველ და დაუგეგმავ ორსულობას კი აბორტით აგვარებენ.

„არამარტო უნაყოფობის რიცხვმა იმატა, არამედ სპონტანური აბორტების რაოდენობაც გაიზარდა“ - ამბობს კლინიკა ,,სიცოცხლის ხე“-ს დირექტორი კობა კაკაჩიშვილი.

,,საქართველოში ხელოვნური აბორტების რაოდენობა ყოველთვის მაღალი იყო. 21-ე საუკუნეში აბორტის გაკეთება რელიგიური თვალსაზრისითაც მკვლელობაა. არსებობს ოჯახის დაგეგმვის ისეთი საშუალება, რომ ორსულობამდე არ მიხვიდე და აბორტი არ დაგჭირდეს. ამას შესაბამისი განათლება სჭირდება, რაც დამამთავრებელ კლასებში უნდა ისწავლებოდეს,“ - ამბობს მეან-გინეკოლოგი კობა კაკაჩიშვილი.



სოციალური ქულის მიუხედავად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ლარს იღებს ყველა ახალშობილი. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მრავალშვილანებისთვის სოციალური პროგრამა არ აქვთ. თუმცა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალშობილებს ერჯერად დახმარებას გადასცემენ.

,,ყველას ვეხმარებით ვისაც ახალშობილი ეყოლება. პროდუქტებით შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებსაც ვეხმარებით. სამი და მეტი შვილი ვისაც ჰყავს მრავლშვილიანია. მესამე ახალშობილისთვის, 2019 წლიდან ერთჯერადად 250 ლარს, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილი კი ერთჯერადად 300 ლარს მიიღებს. პირველ ტყუპ ბავშვებზე 400, მეორეზე 500 ლარი გადაეცემათ“ - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ინგა დიაკონოვი.

დაბალი შობადობის და საქართველოს მოსახლეობის შემცირების გამო, კათოლიკოს-პატრიარქმა 2008 წლის 19 იანვრიდან ჩვილთა ნათლობა დაიწყო. ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდგომი შვილები არიან. პატრიარქმა თერთმეტი წლის განმავლობაში 57 ნათლობა ჩაატარა და 17 901 ბავშვი მონათლა.

| Print |