პოლიტიკა
აგვისტოს ომში სამცხე–ჯავახეთიდან 7 ჯარისკაცი დაიღუპა
ახალციხელ ანზორ გელდიაშვილს ოპერაციის შედეგად ჯერ კიდევ ღია ჭრილობა ჰქონდა, როცა ათი წლის წინ, აგვისტოს ომი დაიწყო.

სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი ადგილზე დატოვა. ჯარისკაცის დედა ამბობს, რომ ბოლოს 24 წლის გმირი მან და მისმა ორი თვის წინ მოყვანილმა მეუღლემ 8 აგვისტოს ნახეს.

საბრძოლო მოქმედებების დროს 11 აგვისტოს დაღუპული ანზორ გელდიაშვილი ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში სწავლობდა. დედა მზია ღონღაძე სკოლის ადმინისტრაციას შვილის სახელობის კუთხის გაკეთებაში დახმარებას სთხოვს.

რამაზ ალავიძე ერთერთია მათ შორის, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომში მეგობრები დაკარგა და თავადაც მძიმედ დაიჭრა. ,,მეცხრე არხი"–ს ოპერატორი, აგვისტოს ომის დროს, მესამე ქვეითი ბრიგადის 34 –ე სატანკო ბატალიონში მსახურობდა.

ბრძოლების ქარტეხილი ეგრეთ წოდებულ ერგნეთის ბაზრობასთან გადაიტანა. ომიდან ათი წლის შემდეგ ამბობს, რომ მისი ერთადერთი სურვილი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა.

რამაზ ალავიძის მსგავსად 2008 წლის აგვისტოს ომს ტკივილის გარეშე ვერ იხსენებს ომარ მელიქიძე. მან მეგობრებთან ერთად ბრძოლაში ფეხიც დაკარგა. აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი ოჯახს დღეს ტაქსისტობით არჩენს.

ცოტას საუბრობს და ყველაფრის მიუხედავად, ომში მონაწილეობას მაინც არ ნანობს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს დავით ფეიქრიშვილს საინჟინრო მესანგრეთა ბრიგადის მთავარი ექიმის პოსტი ეკავა. ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეთიდან სამშობლოს დასაცავად თავი შვიდმა სამხედრომ გაწირა.

დღეს უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი ხელისუფლებისგან და საზოგადოებისგან ცოცხალი გმირების მეტ პატივისცემას ითხოვს.

რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს, ახალციხის ცენტრალურ პარკში პატივი მიაგეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე გმირების სახელების უკვდავსაყოფად სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას აპირებს.

აგვისტოს ხუთდღიან ომში სულ 165 სამხედრო პირი დაიღუპა, მათ შორის 7 სამცხე–ჯავახეთიდან.

დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად ღონისძიებები ჩატარდა რეგიონის 6–ივე მუნიციპალიტეტში.
| Print |