“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც გადაღებულია ფაქტი, თუ როგორ ეწინააღმდეგება მოქალაქე გაჩერების შემდეგ პოლიციას და საბუთების ჩვენებაზე უარს აცხადებს.
კადრებში ასევე ჩანს, რომ მოქალაქე იარაღის ამოღებას ცდილობს, სამართალდამცველების რეაგირების შემდეგ კი ამბობს, რომ მას იარაღი ამოუვარდა.
“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, დაკავებული ბერიკაშვილი მეორე დღესვე გაათავისუფლეს და სამსახურში დააწინაურეს, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ის დააკავეს, სამსახურიდან გაუშვეს.
ერთ–ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი, ახალციხის მკვიდრი გიორგი ლომსაძეა. მისი მტკიცებით, 2013 წელს პატრულრებისას მათ პოლკოვნიკ ზურაბ ბერიკაშვილის მფლობელობაში არსებული ავტომობილი კანონის დარღვევის გამო გააჩერეს, რომელიც მძღოლთან ერთად ნასვამ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა.
აღნიშნულს კი პოლკოვნიკის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ლომსაძის თქმით, ჯარიმის გამოწერისას ბერიკაშვილმა მისი მისამართით მუქარა განახორციელა, რის შემდეგაც იარაღის გამოყებასაც შეეცადა. მისივე მტკიცებით, აღნიშნულის შემდეგ პოლკოვნიკი დააკავეს და ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა იგი რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ, იმ ღამესვე გაათავისუფლეს, დაუბრუნეს იარაღი და ავტომობილი. გიორგი ლომსაძის თქმით, ამის შემდეგ, სამსახურში ხელმძღვანელობისგან მისი მისამართით ზეწოლა დაიწყო. 2014 წლის 8 ნოემბერს კი იგი ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, სამსახურიდან განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. აღნიშნულის თაობაზე ლომსაძემ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა, თუმცა მის განცხადებას რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
დღესვე, შსს–მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ გენერალურმა ინპექციამ მოკვლევა დაიწყო.
|