ხალხის აზრით
როგორ აფასებთ 8 მარტს მომხდარ ინციდენტს - შეფასებები ადიგენიდან

ადიგენში, წერეთლის #18-ში, დაპირისპირებიდან მესამე დღეს არავინ გამოჩენილა. დაკეტილ სახლთან პერიოდულად მხოლოდ მედიის წარმომდგენლები ჩნდებოდნენ. დღეს, უკვე ორივე მხარე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

მართლმადიდებლებიც და მუსლიმებიც თანხმდებიან, რომ დროული რეაგირების შემთხვევაში საქმე ინციდენტებამდე არ მივა. მუსლიმი თემის აზრით, სახელმწიფო უნდა იყოს ქმედითუნარიანი და სადავო კითხვებზე რეაგირება დროულად მოხდეს, მართლმადიდებლები კი მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც მსგავსი ფაქტების არიდებას ხელს შეუწყობს.

მრევლს მედიასთან საუბარი არ სურს, თუმცა მოკლე კომენტარებში ორივე მხარე აქცენტს პროვოკაციაზე აკეთებს. გამოკითხული მართლმადიდებლების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მუსლიმი მეგობრები ჰყავთ, თუმცა ქრისტიანებით დასახლებულ დაბაში ,,მეჩეთის ფუნქციონირებას“ შეეწინააღმდეგებიან.

მართლმადიდებლების მსგავსად, პროვოკაციაზე საუბრობს ადიგენის სოფლების მუსლიმი მოსახლეობაც. ვინ შეიძლება იდგეს პროვოკაციის უკან, კონკრეტული პირების/ორგანიზაციების დასახელებისგან თავს იკავებენ და პირველ რიგში პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ.
| Print |