დოკუმენტური ფილმი
მუშების ბრძოლა შრომითი უფლებებისთვის - პროტესტი ადიგენში
ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი მშენებელი კომპანიისგან ხელფასების მომატებას და შრომითი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვენ. ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 20 ივნისის შემდეგ შეჩერებულია, თუმცა მუშების განცხადებით მათი პრობლემებით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

ბეჟან გორგაძე ადიგენის სოფელ ზანავში ცხოვრობს. 65 წლის ფერმერი ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე, შვილთან და თანასოფლელებთან ერთად, რკინის კონსტრუქციებს აწყობს და ადუღებს, რომლითაც შემდეგ სახიდე გადასასვლელებს, წყალგამტარ ნაგებობებსა და საყრდენ კედლებს აკეთებენ. მუშაობას დილის 8 საათზე იწყებენ და საღამოს 7-ის ნახევარზე ასრულებენ. დღეში ათსაათნახევარი წვიმაში, თოვლსა და ყინვაში მუშაობენ. დღიურად მათი ხელფასი 38 ლარია. ასე იყო ორი წლის განმავლობაში, სანამ მუშებმა გაფიცვა არ გადაწყვიტეს.

„მეორე წელია ამ მშენებლობაზე ვმუშაობ. ჩვენ აღარ ვართ დამწყები და ამ საქმის უცოდინრები, 10 კაცის საქმეს ოთხი კაცი ვაკეთებთ. ვიცით, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. შარშანაც გავიფიცეთ შემოდგომაზე, გვითხრეს, რომ ეს წელი ამ ხელფასით დავამთავროთ და მეორე წლიდან მოგიმატებთო. ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაემატა კომპანიას ამ სამუშაოებისთვის, მაგრამ ხელფასის მომატების საშუალება არ გვაქვსო, ცივი უარი გვითხრეს“, - ამბობს ბეჟან გორგაძე.

გაფიცულები ხელისუფლების უყურადღებობაზეც ჩივიან. მიუხედავად იმისა რომ გაფიცვა უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს, მათი საკითხით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებაში.

„სხვა საარსებო წყარო არ არის, თორემ კაციშვილი არ იმუშავებდა მანდ. გვეუბნებიან, არ გინდათ? წადით სახლებში. ამ ხნის განმავლობაში როგორ ვერ გაიგო რაიონის ხელმძღვანელობამ, რომ გაფიცულები ვართ. მოვიდნენ, გვითხრან რა გინდათ, ისინიც შეაწუხონ, ჰკითხონ, რატომ არ აძლევთ ხელფასსო. ჩაიხედონ ბიუჯეტში, ჰყოფნის თუ არა თანხა ამისთვის კომპანიას. დიდი განუკითხაობაა, ხელისუფლებისგან დიდი პასიურობაა“.
ბეჟან გორგაძე მიწის ნაკვეთში

გაფიცული მუშები ძირითადად, ადიგენის ორ სოფელში - გომაროსა და ზანავში ცხოვრობენ. ისინი გაფიცვამდე „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ადმინისტრაციას შეხვდნენ და ხელფასების დაპირებული ზრდა მოითხოვეს. ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან, თუ კომპანია დღიურ ხელფასს 50 ლარამდე გაუზრდის.

„კაპიკებზე გვამუშავებენ, დაგვიმატონ ხელფასი და გავაგრძელებთ მუშაობას. გვამუშავებენ 10 საათს და გვიწერენ 9-ს, გვაკლებენ ნამუშევარს. ასე არ შეიძლება, ჩვენს უფლებებს ვიცავთ. ძალიან ძნელი საქმეა, ხან მუხლებზე დგახარ, ხან გამოკიდებული ხარ სიმაღლეზე“, - გვითხრა თამაზ ქამადაძემ.

„მარტო ტრანსპორტია მათი, არც ჯანმრთელობის დაზღვევა, არც კვება და არაფერი. საჭმელი ხომ უნდა ვიყიდოთ, რომ შესვენებაზე შევჭამოთ, ამიტომ არაფერი გვრჩება ხელფასიდან“, - ამბობს თამაზ მახარაძე.

სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია - შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ ასრულებს. ადმინისტრაცია მედიასთან არ კონტაქტობს. თავდაპირველად ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას თარჯიმანი დაგვპირდა, თუმცა მას შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. მუშების თქმით, დამსაქმებელი მათ მოთხოვნას არ თანხმდება და შრომის ანაზღაურების გაზრდას მხოლოდ ორი ლარით სთავაზობს.

„კვირაში 40 საათი უნდა ვიმუშაოთ კანონით, მაგრამ ჩვენ გვამუშავებენ ძალიან ბევრს, დილის 8-დან საღამოს რვამდე წვიმაში, თოვლში, დაუცველები. იმათ ქართული არ ესმით და ჩვენ ჩინური. ბრიგადირმა მითხრა არმატურა მოიტანეო, მივიტანე და სხვა ზომა უნდოდა თურმე, დამიწყო ჩხუბი, ქვა ჩამარტყა თავში, მკლავდა და ბიჭებმა გადამარჩინეს. მე გამომაგდეს სამსახურიდან, არადა პოლიციაში დაზარალებულად ვარ ცნობილი“, - სამუშაო პირობებს აპროტესტებს სოფელ ზანავში მცხოვრები ჯიმშერ მარკოიძეც.

დღიური ანაზღაურების ზრდასთან ერთად, მუშები „სინოჰიდროსგან“ კანონით განსაზღვრული, უსაფრთხოების ზომების მიღებას ითხოვენ. მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ არ აქვთ ინვენტარი და უნიფორმა, რაც მათ უბედური შემთხვევებისგან დაიცავთ.

„ხელთათმანს რომ გვაძლევენ, ხუთი დღე უნდა ვიხმაროთ. არადა, რკინაზე ვმუშაობთ და ერთი დღეც ვერ ძლებს. უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არის დაცული, არასოდეს მოსულა შემოწმება რომ ენახა, რა პირობებში ვმუშაობთ. რკინის შედუღება ხანდახან სიმაღლეზე გამოკიდებულს მიწევს, თვალები ისე მტკივა, რომ რამდენიმე წამალს ვიწვეთებ, სხვანაირად ვერ ვმუშაობ“, - ჩივის დავით გორგაძე. მუშები ითხოვენ, რომ სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების სტანდარტები შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეისწავლონ.

კომპანიამ ივნისის თვის ხელფასი თითოეულს 250 ლარით ნაკლები დაურიცხა. როცა დანაკლისის მიზეზი იკითხეს, თარჯიმანმა მათ განუცხადა, რომ კომპანიისგან სპეცტანსაცმელი და ფეხსაცმელი აქვთ მიღებული და აღნიშნული თანხა სწორედ იმ უნიფორმებში გაუქვითეს. მუშების თქმით, დამსაქმებლისგან მსგავსი არაფერი მიუღიათ, თუმცა იხსენებენ, რომ ადმინისტრაციამ თვეების წინ ჩინურ ენაზე შედგენილ დოკუმენტებზე ისე მოაწერინა ხელი, რომ მისი შინაარსიც კი არ განუმარტავს.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმასთან სრულდება. სამუშაოები გზის ორივე მხარეს მიმდინარეობს. ადიგენელ გაფიცულებს ხულოელი მუშებიც შეუერთდნენ.

„40 კაცამდე მუშაობს ხულოს მხრიდან, ისინიც გაიფიცნენ, მხოლოდ ადმინისტრაცია მუშაობს“, - ამბობს დავით გორგოძე.

გაფიცული მუშების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ვკითხეთ. უწყებაში ამბობენ, რომ დამსაქმებლის და დასაქმებულის შრომით ურთიერთობებში სახელმწიფო არ ერევა.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი 47 კილომეტრია. აღნიშნული გზის და შვიდი ხიდის რეაბილიტაციის პროექტს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს და მისი ბიუჯეტი 95 689 302 ლარია. ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო და 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სამშენებლო კომპანია „TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.“-სთან ხელშეკრულება შეწყდა, 2021 წლიდან კი სამუშაოები ახალმა კონტრაქტორმა - „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ განაახლა. მას ბიუჯეტიდან უკვე მიღებული აქვს 45 მილიონ ლარზე მეტი.

პროექტის მიხედვით, გზის ერთი მონაკვეთის მშენებლობა 2023 წელს, ხოლო მეორე მონაკვეთის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024 წელს უნდა დასრულდეს.
| Print |