ფარმა–რჩევები
ცაცხვის სასარგებლო თვისებები
ცაცხვი სამკურნალო და სასარგებლო თვისებებით გამორჩეული მცენარეა. ამის გამო ის ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ მედიცინაში. ასევე სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.

ცაცხვის ქერქი შეიცავს ტრიტერპენულ შენაერთებს და 8 %-მდე ეთერზეთებს. ქერქს ზამთარში იღებენ, აშრობენ, ახმობენ, აქუცმაცებენ ან ფქვავენ. იყენებენ ნაყენის ან ნახარშის დასამზადებლად. ნორჩი ცაცხვის ქერქი მოხარშვისას გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოსმაგვარ ნივთიერებას, რომელიც ეფექტურია პოდაგრის, ბუასილისა და დამწვრობების სამკურნალოდ.

პრეპარატები, რომელთაც ცაცხვის ყვავილისაგან ამზადებენ, გამოირჩევა შარდმდენი და ოფლმდენი მოქმედებით, კუჭის წვენის გამოყოფის გაძლიერებით, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აადვილებს ნაღვლის გამოყოფას. აღნიშნულ პრეპარატებს გააჩნია აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო და დამაწყნარებელი მოქმედება. მათ წარმატებით იყენებენ როგორც სიცხის დამწევ და ბაქტერიციდულ საშუალებებს სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს. რეკომენდებულია გასტრიტის, გრიპის, ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს, პირისა და ყელის გამოსავლებად გინგივიტის, ლარინგიტის, სტომატიტის დროს.

ცაცხვის ყვავილების ნაყენი, ე.წ. ცაცხვის ჩაი, სასიამოვნო არომატითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სასმელია. ეს ჩაი ცხელი სახით უნდა მიირთვათ ძილის წინ გაციების, ხველის, თავის ტკივილის დროს.

ცაცხვის ყვავილის ნაყენი აბაზანების სახით რეკომენდებულია ნერვული დაავადებების დროს.

სამკურნალოა ცაცხვის ფოთოლიც. წინათ მას კომპრესის სახით თავზე იფენდნენ თავის ტკივილის დროს.

ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებული ადგილი აქვს ცაცხვის ნაცარს, რომელიც მიიღება ცაცხვის გამხმარი ტოტებისა და ქერქისაგან. ნაცრით მკურნალობენ კვებით ინტოქსიკაციას, ფილტვების ტუბერკულოზს, ფაღარათს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს, ღია სისხლმდენ ჭრილობებს.

ცაცხვისაგან იღებენ კუპრს, რომლითაც მკურნალობენ ეგზემას. მას კანის დაზიანებულ უბნებზე უსვამენ. ხველის დროს პაციენტს ზურგზე აფენენ კუპრით გაჟღენთილ ნაჭერს.

| Print |