ფარმა–რჩევები
კიტრი ჩიყვით დაავადებულთათვის ეფექტურია

კიტრის ძირითად შემადგენლობაში შედის 95% წყალი, ხოლო დანარჩენი ხუთი პროცენტი ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები, ორგანული მჟავები და ნაცარია.

კიტრის ნაყოფი ასევე მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით. მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმის, რკინის, ალუმინის, სილიციუმის, იოდისა და გოგირდის მარილები.

ეს ბოსტნეული გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. კიტრის შემადგენლობაში შედის აგრეთვე პექტინები, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, არეგულირებს ქოლესტერინის შემცვლელობას სისხლში.

ბოსტნეული, როგორც დაბალკალორიული პროდუქტი გამოიყენება დიეტურ კვებაში, სიმსუქნით დაავადებულთა კვებით რაციონში.

შეიცავს თუთიას, რაც აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

კიტრი, როგორც შარდმდენი, საუკეთესო საშუალებაა წნევით დაავადებულთათვის.

გამოიყენება კუჭში შეკრულობის საწინააღმდეგოდ.

მის შემადგენლობაში შემავალი იოდი კარგია ჩიყვით დაავადებულთათვის, იოდის შესავსებად. კიტრი ასევე სასარგებლოა ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთათვის.

ეს ბოსტნეული სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის შეგვიძლია მივიღოთ დღეში 2 კილოგრამი ცოტაოდენ მარილთან ერთად, შეგვიძლია 5 ჯერზე გადავანაწილოთ.

კიტრი არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ კოსმეტიკაშიც ოდითგანვე აქტიურად გამოიყენებოდა. მისი წვენი იხმარება, როგორც კანის მათეთრებელი, გამახალისებელი და მატონიზირებელი საშუალება. გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგოდ, ამისათვის კიტრის თხელი ანათლები 10-12 წუთის განმავლობაში უნდა გავიჩეროთ პრობლემურ ადგილას.

კიტრის ახალგამოწურული წვენი ეფექტურია ცხიმიანი, ფოროვანი და მოყვითალო ფერის კანის მქონე ადამიანთათვის, რადგან იგი ათეთრებს და არბილებს კანს.

| Print |