სოფლის ამბები
რუსეთში მუშაობისთვის დათმობილი საქართველოს მოქალაქეობა

ექვსი წლის გრიგორ ავეტისიანი ხაკში ერთადერთი პირველკლასელია. იმის გამო, რომ სოფელს სკოლა არ აქვს, განათლების მისაღებად დაახლოებით, 2 კილომეტრის გავლა მოუწევს. საძელის სკოლაში მასთან ერთად, ხაკიდან კიდევ სამი მოსწავლე წავა. ზღვის დონიდან 1 400 მეტრზე მდებარე სოფელი თანდათან იცლება. მოსახლეობა მიზეზად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ასახელებს. 

სოფელ ხაკს 20 ოჯახი შემორჩა. ძირითადად ისინი, ვისაც სოფლის გაჭირვებისგან გასაქცევი არსად აქვს ან ასაკის გამო რუსეთში სამუშაოდ ვერ მიდის. 2002 წლიდან 2014 წლამდე, ხაკში მაცხოვრებელთა რაოდენობა განახევრდა. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, თუ 2002 წელს სოფელში 139 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს მხოლოდ 70 ადგილობრივიღა დარჩა.

„სოფელში არ არის გზა, მაღაზია, სკოლა, საბავშვო ბაღი - პრობლემების მეტი არაფერია. ორი ტბა გვაქვს სოფლის თავზე, მაგრამ სარწყავად არ გვყოფნის, ზამთარი მკაცრია, დიდი თოვლი მოდის და შეშის პრობლემაც გვექმნება, რადგან გაზი არ გვაქვს. ხალხი რუსეთში გაიქცა“, - გვიყვება სეროჟ პეტროსიანი და თან ქალაქში წასასვლელად ემზადება. იმის გამო, რომ სოფელში მაღაზია არ არის, სურსათის შეძენა ახალციხეში უწევს.

„15 ლარის საწვავას ჩავუსხავ ვინმეს, ქალაქში ჩავალ, პენსიას ავიღებ და პროდუქტსაც ასე ვიყიდი. იმდენი ხალხიც არაა სოფელში დარჩენილი, რომ ავტობუსმა იაროს. ბავშვებს სკოლამდე 2 კილომეტრის გავლა ყოველ სასწავლო დღეს უწევთ. რუსეთში ფული ბევრია, ამიტომაც მიდიან იქ. წელს კიდევ კარგი კარგი მოსავალია და კარტოფილსაც ფასი აქვს“ - ამბობს პენსიონერი მამაკაცი, რომელიც ცოლთან ერთად, სოფლის შესასვლელში ცხოვრობს.

ქალაქთან დამაკავშირებელი ერთადერთი ტრანსპორტი თანასოფლელების ავტომანქანებია. წლებია, რაც ავტობუსი ახალციხე-ხაკის მარშრუტზე არ დადის. ამ და კიდევ სხვა პრობლემებს გაექცა სარქის ვარაზდატი რუსეთში. მან საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, სახლი მიატოვა და სამუშაოდ ჩრდილოეთით წავიდა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის მერე დავიწყე რუსეთში სიარული, იძულებული ვიყავი. მუშაობა არ არის და ამიტომ წავიდა ყველა, მათ შორის ჩემი შვილიც. საქარველოდან წასულ ხალხს იქ პრობლემები არ აქვს. ჩვენ პატივს ვცემდით ერთმანეთს. პაპაჩემიც ჰყვებოდა, რომ რუსებთან როგორც ძმებთან ისე ცხოვრობდნენ. მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, როგორც ადრე. ახლა არ მაქვს საქართველოს მოქალაქეობა, ენა კარგად რომ არ ვიცი, აღარ მაძლევენ“, - გვიყვება 62 წლის ვარაზდატ სარქისიანი.

საბავშვო ბაღი, ბიბილიოთეკა, ამბულატორია - ხაკს კიდევ ბევრი რამ აკლია. სოფელში მისასვლელად ჯერ ასფალტის საფარიან გზას უნდა გაუყვეთ, შემდეგ კი გრუნტიან მონაკვეთზე გადასვლა მოგიწევთ. ამორტიზებულია შიდა გზებიც.

„ყველაზე მთავარი რაც არის სოფლისთვის, ეს არის ტრანსპორტი და გზა. ჩვენზე ამბობენ პატარა სოფელიაო და გაზიც ამიტომ არ შემოიყვანეს. ექიმიც არ გვყავს და თუ დაგვჭირდა, საძელში მივდივართ, ან თვითონ მოდის კვირაში ორჯერ“, - ამბობს ვარაზდატ სარქისიანი.

მას, ვინც სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანას ელის, ახალციხის მერის წარმომადგენელი ვერაფრით აიმედებს. მარდუნ პეტროსიანი ამბობს, რომ სოფელში შემორჩენილი ორი ათეული ოჯახისთვის, კომპანიას გაზის შესაყვანად ხარჯის გაწევა არ უღირს.

„მეც მინდა, რომ გაზი შემოიყვანონ. ეს სერიოზული პრობლემაა. ერთი წლის წინ ველაპარაკე და მითხრეს, რომ 20 კომლია და რომ შემოვიყვანოთ, ხარჯები ჩვენს კისერზე იქნებაო“.

მომავალ წელს სოფელში გაზი არა, თუმცა ბეტონის გზა ექნებათ. მარდუნ პეტროსიანის თქმით, 2020-ში ხაკის ცენტრიდან სასაფლაომდე 400 მეტრის გზა მოწესრიგდება. 

სირუნიკ სარქისიანი 40 წელია ხაკში ცხოვრობს. სოფელში ბინა მას შემდეგ დაიდო, რაც აქაური კაცის ცოლი გახდა. ახალქალაქის სოფელ აგანიდან ჩამოსულ გოგოს, სამსახურის დაწყება არ გასჭირვებია.

„18 წელი ვმუშაობდი კლუბში, ახლა არც ეგ არის. ადრე 20-30 ბავშვი დადიოდა სკოლაში, ახლა კი სკოლა აღარ გვაქვს. ჩვენს ოჯახში 8 წევრია, გაჭირვებით ვცხოვრობთ. ხალხი წავიდა რუსეთში, რომ უკეთ იცხოვრონ,“ - გვიყვება სირუნიკ სარქისიანი და ოჯახის წევრებთან ერთად, კარტოფილის მოსავალს იღებს.
შემოდგომით სოფელში საქმე ბევრია, ხილ-ბოსტნეულის დაბინავება მანამდე უნდა მოასწრონ, სანამ კარგი ამინდებია. ის, ვინც ოჯახის სარჩენად რუსეთში არ მიდის, ხაკში მიწაზე მუშაობა უწევს. მათ შორისაა სირუნიკ სარქისიანი.

„ხაკი კარგი სოფელია, უბრალოდ საშუალება არ გვაქვს რომ კარგად ვიცხოვროთ“.

| Print |