,,ახალციხეში წითელას დაავადება იანვარში არ დაფიქსირებულა" – ფატი ხაბულიანი
,,1-ელი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა" – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებშია გავრცელებული.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ დაავადება კიდევ უფრო გავრცელდეს, ამიტომ წითელას საწინააღმდეგოდ მთავრობის სპეციალური განკარგულება მომზადდა, სადაც წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებია გათვალისწინებული.

„პირველი იანვრიდან სულ 312 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან 2000-2200 შემთხვევა იყო. სამწუხაროდ, სამი გარდაცვალებით დასრულდა. წითელა არ არის სახუმარო დაავადება. ის სერიოზულ გართულებებს იწვევს და შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი",–აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, სერიოზულად იზრდება წითელას შემთხვევების რაოდენობა და იმუნიზაციის გარეშე მისი შეჩერება ვერ მოხერხდება.

,,წითელას თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დედამ უნდა გადაამოწმოს აცრების ისტორია, თუ ბავშვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, უნდა მიიყვანოს და აცრას. აღნიშნულ აცრას აფინანსებს სახელმწიფო და ყველასთვის უფასოა. წითელას გავრცელების არეალები არის კახეთი, იმერეთი და სამეგრელო, აჭარაში დაავადებასთან საბრძოლველად სერიოზული ღონისძიებები გავატარეთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება, სამცხე–ჯავახეთში აქ წითელას მაღალი მაჩვენებელ არ ფიქსირდება. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი განმარტავს, რომ ახალციხეში ბოლო ფაქტი დეკემბერში, მხოლოდ 1 შემთხვევა დაფიქსირდა 40 წლის მამაკაცში.

,,ახალციხეში შეიძლება ითქვას დამაკმაყოფილებელი ვითარებაა, იანვარში შემთხვევა არ დაფიქსირებულა, დეკემბერშიც მხოლოდ ერთი ფაქტი იყო. ოდნავ მომატებულია შემთხვევები ბორჯომში, მაგრამ არა საგანგაშოდ. შესაძლებელია, დამსვენებლების მიმართვიანობამ გაზარდა რაოდენობა. რადგან აცრების პერიოდი ჩვენთან მაქსიმალურად დატვირთული იყო" – განუცხადა ,,მეცხრე არხს" ფატი ხაბულიანმა.
| Print |