კერამიკით "მოწამლულები"
ახალციხის სამხატვრო სკოლამ, სამცხე-ჯავახეთში, ერთ-ერთი მივიწყებული პროფესიის - მეთუნეობის აღდგენა და მისი პოპულარიზაცია დაიწყო. მარია ჩახმახჩიანი და თამარ თამარაძე ბავშვობიდან ხატავენ. პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერები არიან და კერამიკულ ნამუშევრებს დღემდე ერთად ქმნიან. ,,ხატვა, ფერწერა, ვიტრაჟი მომწონს. ორი წელია რაც კერამიკაზე ვმუშაობ და ძალიან მომწონს" - აღნიშნავს მარიამი.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა. ,,მეთუნეობა განწყობას გიქმნის, ცუდ ხასიათზე თუ ხარ მშვიდდები" - ამატებს თამარ თამარაძე.

დარგის უკეთ შესწავლისთვის სკოლამ თბილისიდან თიხის ოსტატი თადეოზ ივანიძე ჩამოიყვანა. ნამუშევრები ოსტატის რჩევის მიხედვით იქმნება და მას სკოლისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. 

,,კერამიკა არა მარტო ხელობა, არამედ ხელოვნებაც არის. მეთუნეობის პოპულარიზაციის მიზნით, ჩემს პროფესიას ახალციხის სამხატვრო სკოლაში ვასწავლი და თბილისშიც გავხსენი სახელოსნო, სადაც მოწაფეების აყვანას ვგეგმავ. მეთუნეობა დავიწყებას არ უნდა მიეცეს, ამიტომ ვეცდები რომ ეს დარგი ჩემს შვილიშვილებსაც შევასწავლო“, - ამბობს თადეოზ ივანიძე.

,,მეთუნეობა ჩვენს რეგიონში თითქმის აღარ არსებობს, ვცდილობთ შემოვინახოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ" – ამბობს სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძე. 

პროფესიით ფერმწერი ნანა ნათენაძე კერამიკით ორი წლის წინ დაინტერესდა და ამ დარგის შესწავლა სამხატვრო სკოლაში მოსწავლეებთან ერთად დაიწყო.


თიხაზე მუშაობის პარალელურად, სამხატვრო სკოლაში კერამიკასა და ფაიფურზეც მუშაობენ. ფაიფურზე მუშაობის იდეა ორი წლის წინ კაბადოკიაში მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდა. ამბობს, რომ კერამიკაზე მუშაობა სიამოვნებს და ამ დროს სულიერადაც ისვენებს.

,,არ არსებობს ადამიანი, კერამიკის სიყვარულით მოიწამლოს და მასთან არ დარჩეს"-ამბობს სამხატვრო სკოლის დირექტორი.

კერამიკის ღუმელი ინგლისის აუქციონზე შეიძინა და თანხის ნაწილი საკუთარი ბიუჯეტიდან გადაიხადა. ,,ეს პროცესი იმდენად რთული იყო, რომ არ ვიცი კიდევ თუ შევძლებ იგივეს".

სამხატვრო სკოლის პატარა წევრები თიხაზე, დიდები კი ფაიფურზე მუშაობენ, რადგან ფაიფურზე მუშაობა პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.

| Print |