სპორტი
2018 წლის ფალავნის ტიტული ახალციხელმა ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვა
დღეს საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა. 2018 წლის ფალავნის ტიტული ახალციხელმა ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვა.

ტურნირზე მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა.
80 კგ-ში გიორგი მახარაშვილმა გაიმარჯვა,
90-ში – გიორგი პაპუნაშვილმა,
100-ში – ლაშა ტაველურმა, ხოლო
+100-ში – ლევან მატიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ტრადიციული პრიზი, ცხვარი, ფულით ჩაანაცვლეს და კლასიკურ ტატამზე იჭიდავეს. თითოეულ წონაში გამარჯვებულმა 3000 ლარი მიიღო.

საუკეთესო ოთხეულში მოხვედრილებმა ბრძოლა აბსოლუტურ შეჯიბრში გააგრძელეს – წლის საუკეთესო ქართველი ფალავანის ტიტულისთვის ერთმანეთს ბექა ბერძენიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი დაუპირისპირდნენ. 

ფინალისტები 10 000 ლარით, ხოლო საქართველოს ფალავანი 35 000 ლარი დაჯილდოვდნენ.

„ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა და სიმართლე გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, საქართველოს ფალავანი თუ გავხდებოდი. ემოციებისგან დაცლილი და უზომოდ გახარებული ვარ. კარგია, რომ ასეთი ფულადი ჯილდო მივიღე, მაგრამ ჩემთვის საქართველოს ფალავნობა უფრო ძვირფასია” – ამბობს პირველ არხთან ბექა ბერძენიშვილი.

წლის ფალავანი 1928 წლიდან ვლინდება. წელს კი 90-ედ გაიმართა. ახლახანს, იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა – ეს იუნესკოს აღიარების შემდეგ პირველი ფალავნობა გახლდათ.

წყარო: პირველი არხი
| Print |